საქართველოში გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს მოქალაქეები თბილისის ქუჩებში გამოვიდნენ და აქცია სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ გამართეს. აქციის მიზანი მსოფლიოსთვის იმის ჩვენება იყო, რომ ქართველები მზად არიან 26 ოქტომბერს პროდასავლურ პარტიებს მისცენ ხმა. აქცია თბილისის ხუთი სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობით დაიწყო და თავისუფლების მოედანზე შეკრებით დასრულდა. აქციაზე პოპულარული ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართა, ხოლო სსო-ების წარმომადგენლებმა, აქტივისტებმა და საქართველოს პრეზიდენტმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. სხვადასხვა შეფასებით, აქციაში 90 000-დან 100 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
აქციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა და მათ სცენიდან მიმართა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავისუფლებასა და მშვიდობაზე ძვირფასი არაფერია. მან აღნიშნა, რომ იმავე დღეს მისი შვილიშვილი დაიბადა და ამის სიმბოლურ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საქართველოს მომავლისთვის არჩევნებისა და აქციის მნიშვნელობაზე საუბრისას, პრეზიდენტმა მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებს მიმართა და მაია სანდუს ევროკავშირში გაწევრიანებაზე წარმატებული რეფერენდუმი უსურვა და ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ ქართველებმა იციან, რომ ის ქართველებისთვისაც იბრძვის და რომ ის გაიმარჯვებს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სამი ქვეყანა ევროკავშირს ერთად შეუერთდება.
გურამ მურადოვმა „სამოქალაქო საქართველოდან“ აქციის დასამახსოვრებელი მომენტები დააფიქსირა: