საუნივერსიტეტო საზოგადოება თსუ-ის სივრცის “ბოროტად გამოყენებით” აქციის დაშლას გმობს

News.ge 1 თვე წინ 14
საუნივერსიტეტო საზოგადოება თსუ-ის სივრცის “ბოროტად გამოყენებით” აქციის დაშლას გმობს

საქართველოს საუნივერსიტეტო საზოგადოება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც 400-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს და აცხადებს, რომ მკაცრად გმობენ თბილისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო სივრცის “ბოროტად გამოყენებით, მშვიდობიანი აქციის ძალის გადამეტებით დაშლას და თავისუფლების პრინციპების უხეშ უგულებელყოფას”.
“უნივერსიტეტმა, რომლის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, დღეს მისი პრინციპული მისიის საპირისპიროდ იმოქმედა — კარები ჩაუკეტა მათ და ძალოვანი სტრუქტურები შეუშვა მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა, მათ შორის, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების დასარბევად. ეს ქმედება შეურაცხყოფს უნივერსიტეტს, როგორც თავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლოს, არღვევს აკადემიურ დამოუკიდებლობას და ეწინააღმდეგება მის ისტორიულ მისიას.
საგანმანათლებლო სივრცეები, განსაკუთრებით კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, უნდა იყოს ადგილი, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, განურჩევლად პირადი მრწამსისა თუ შეხედულებებისა. ეს პრინციპი, რომელიც ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების არსებობის ფუნდამენტია, დღეს უხეშად დაირღვა.
ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ადმინისტრაცია, რომელიც უგულებელყოფს სტუდენტების უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას, მიიღებს აკადემიური საზოგადოების მკაცრ პროტესტს. იმავდროულად მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსა და რექტორს, რომელიც ამ დრომდე დუმს და განცხადებაც არ გაუკეთებია.
ჩვენ ვიზიარებთ ახალგაზრდა თაობის მტკიცე ნებას, დაიცვან საქართველოს ევროპული კურსი და ქვეყნის დემოკრატიული მომავალი. ეს ბრძოლა მხოლოდ სტუდენტების ბრძოლა არ არის — ეს ჩვენი საზოგადოების ერთიანი ბრძოლაა, რომელიც ემყარება დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფალი განვითარების საფუძველს ქმნის.
ჩვენი მოვალეობაა, ვიდგეთ იქ, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი სტუდენტების ხმა ისმის. უნივერსიტეტი ვერ გახდება ჩაკეტილი სივრცე ანდა ძალადობის თანამონაწილე — იგი უნდა დარჩეს თავისუფლების, კრიტიკული აზროვნებისა და პროგრესის მთავარ კერად”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად წაიკითხეთ სტატია