18 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიციის დასუსტება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იმისათვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე და ქვეყნის განვითარება სწორი მიმართულებით“.
„რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ეს მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით გაგრძელდეს პროცესები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „ჩვენ გვახსოვს წინა წლების განმავლობაში, როდესაც ძლიერდებოდა ხოლმე რადიკალური ოპოზიცია, სუსტდებოდა სახელმწიფოს პოზიციები, როდესაც დასუსტებული იყო რადიკალური ოპოზიცია, ამ დროს უფრო ძლიერი იყო ხოლმე ყოველთვის სახელმწიფო“.
კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ „იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია, ალბათ შეგვეცოდებოდა, რომ არ ვიცოდეთ, რა ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს უსამშობლო ადამიანებთან, რომელთა დასუსტება არის მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს განვითარებისთვის”.
პრემიერ-მინისტრმა ასევე გააკეთა კომენტარი ოპოზიციური კოალიციების წერილზე ევროკავშირისადმი, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები მოუწოდებენ გაერთიანებას არ ცნობს არჩევნებისა და ახალი პარლამენტის ლეგიტიმურობა და სთავაზობენ გადაუდებელ ნაბიჯებს, როგორიცაა ევროკავშირის ფაქტების დამდგენი მისიის ჩამოყალიბება, რომელიც არჩევნების სავარაუდო გაყალბებას გამოიძიებს; მკაფიო განცხადების გაკეთება, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია ხელისუფლების მიერ არჩევნების არასათანადოდ ჩატარების გამო; ევროკავშირის დონეზე ფორმალური კომუნიკაციის შეჩერება მოქმედ ხელისუფლებასთან; ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების გაყინვა; მთავრობისთვის 120 მილიონი ევროს დახმარების შეჩერება და ამ დახმარების სამოქალაქო სექტორისთვის გადამისამართება. აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ნაბიჯი ევროკავშირმა ზემოაღნიშნული მიმართულებით საქართველოს არჩევნებამდე გადადგა.
5%-იანი ბარიერგადალახული ოთხივე ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ერთობლივი წერილი გასულ კვირას ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს გაეგზავნათ. იგი დეტალურად აღწერს საქართველოში არსებულ ვითარებას და შეშფოთებას გამოხატავს არჩევნების სავარაუდო გაყალბების გამო.
- 08/10/2024 – დემოკრატიის უკუსვლის გამო საქართველო 121 მილიონი ევროს ოდენობით ევროკავშირის დახმარებას დაკარგავს
- 04/10/2024 – ჰერჩინსკი საქართველოს მომავალს არჩევნებს უკავშირებს და „ქართული ოცნების“ პროპაგანდას აკრიტიკებს
- 09/07/2024 – ჰერჩინსკი: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, თავდაცვის სამინისტროს დახმარება გაყინული, ხოლო ურთიერთობები დაბალ დონეზეა
პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ ევროკავშირი მე-20 საუკუნის დასაწყისის საბჭოთა რუსეთს შეადარა და ცნობილი ბოლშევიკი სერგო ორჯონიკიძე ახსენა. ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია ორჯონიკიძეს შეადარა, ბრიუსელი კი მოსკოვს: „თქვენ გახსოვთ საუკუნის წინ ცნობილი გზავნილი, რომელიც სერგო ორჯონიკიძემ გაუგზავნა მოსკოვს. ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს“.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ „საზოგადოება შეწუხებულია იმ აქტივობების გამო, რომლებსაც ახორციელებს რადიკალური ოპოზიცია, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველაფრის ჯეროვნად მართვა და კიდევ ერთხელ მადლობა შსს-ს, რომელიც სათანადოდ წარმართავს ამ პროცესებს“.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მის ხელმძღვანელობას არჩევნების „უმაღლესი სტანდარტით“ ჩატარებისთვის.
„ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომელიც ასახულია სამთავრობო პროგრამაში. 4 წლის თავზე ჩვენ განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ოპოზიციის აკრძალვა, რომელსაც მმართველი პარტია „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უწოდებს, და რომელშიც, „ქართული ოცნების“ თქმით, ყველა პროდასავლური ოპოზიციური ძალა შედის, მისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო.
ასევე წაიკითხეთ: