„ჰორიზონტები ძალიან გაბლარულია და ძნელია ბიზნესისთვის რაიმეს პროგნოზირება“ – ლევან კობერიძე

News.ge 22 საათი წინ 3
„ჰორიზონტები ძალიან გაბლარულია და ძნელია ბიზნესისთვის რაიმეს პროგნოზირება“ – ლევან კობერიძე

როგორი იყო 2024 წელი ბიზნესისთვის? გასული წელი ბიზნეს კონსულტანტმა ლევან კობერიძემ ,,კომერსანტის” შემაჯამებელ ეთერში შეაფასა. მისი თქმით, ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, პოლიტიკური სპექტრის არათანმიმდევრულმა ნაბიჯებმა და დესტრუქციულმა ქმედებებმა ბიზნესისთვის გაურკვევლობა შექმნა. ლევან კობერიძის შეფასებით, პოლიტიკური რისკები ბიზნესსა და მოქალაქეებზე გადმოვიდა. მისივე თქმით, თამაშის წესები დღეს გაურკვეველია, რაც ბიზნესისთვის დამაზიანებელია.
,,დაისადგურა ისეთმა ვითარებამ, როდესაც ჰორიზონტები არის ძალიან გაბლარული და ძალიან ძნელია რაიმეს პროგნოზირება ბიზნესისთვის განსაკუთრებით. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკური რისკი გადმოვიდა მთლიანად ბიზნესს გარემოზე და მოქალაქეებზე. სწორედ პოლიტიკოსების, პოლიტიკური სპექტრის (პოზიცია, ოპოზიციის ორივესი ერთად) არათანმიმდევრული და საკმაოდ დესტრუქციული ქმედებების გამო რეალურად ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც ბიზნესი აღმოჩნდა გაურკვევლობაში. ეს ბიზნესისთვის არის ყველაზე ცუდი, როდესაც არ არის გარკვეული თამაშის წესები. ეს პასუხისმგებლობა მაინც ყველაზე დიდი წონა ბუნებრივია არის ხელისუფლების, რადგან როცა ხელისუფლებაში ხარ სწორედ შენი პასუხისმგებლობაა, რომ შენი მოქალაქეები, ბიზნეს სექტორი და სტრატეგიული პარტნიორები, თუნდაც მოწინააღმდეგეები გარკვეულობაში გყავდეს. ანუ იცოდნენ საით მიდის ეს ქვეყანა, საით მიგყავს პოლიტიკური თვალსაზრისით, რომელსაც მერე უკვე, რა თქმა უნდა, ბიზნესიც უწყობს ფეხს. იმიტომ, რომ ახდენს გადალაგებას.”- განაცხადა ,,კომერსანტის” შემაჯამებელ ეთერში ლევან კობერიძემ.
ბიზნეს კონსულტანტის განცხადებით, წლების განმავლობაში ქვეყნის დასავლური კურსის მიმართ კითხვის ნიშნები არ არსებობდა და ეს ორიენტირი მკაფიო იყო. მისივე თქმით, ეს ასახული იყო ბიზნესში და სექტორი დასავლური ღირებულებების მიხედვით ვითარდებოდა. თუმცა, ბიზნესი დღეს გაურკვევლობაშია. ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებში განწყობები ნეგატიურისკენ შეცვალა. ლევან კობერიძემ განმარტა, რომ თანამედროვე ეკონომიკა და ბიზნესი მთლიანად განწყობებს ემყარება.
,,მთელი ეს წინა პერიოდი, ბოლო დაახლოებით 10 წელი, მანამდეც ალბათ, ბიზნესისთვისაც, ისევე როგორც ქვეყნისთვისაც იყო ძალიან მკაფიო ორიენტირი დასავლური. ანუ ღირებულებები და ფასეულობები მათ შორის ბიზნეს ურთიერთობებში სწრაფვა იყო ამ მენტალობისაკენ. კი გასაგებია, რომ ს ბაზარზე, რომელიც მნიშვნელოვანია ბევრი ბიზნესისათვის და ქვეყნისათვის, იქ გარკვეულ წილად ფულის გენერაციაც ხდებოდა, მაგრამ ნებისმიერი ბიზნესი, მათ შორის თუნდაც რუსეთში აწარმოებდა ბიზნესს, ცდილობდა, რომ მერე დივერსიფიცირება გაეკეთებინა და მიემართა თავისი ყურადღება ევროპის ან დასავლეთის ბაზრებისკენ. ამ გაურკვევლობაშია ახლა ბიზნესი. რეალურად პროგნოზირება საკმაოდ გართულებულია. მეორე ცოტა საკრედიტო პოლიტიკასაც თუ შევეხებით მთლიანად ამ სიტუაციიდან გამომდინარე, მაინც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. არ არის ორიენტირები ისეთი მკაფიო, როგორც წინა წლებში. ყველაზე მთავარი, რაც არის განწყობები, პირველ რიგში საინვესტიციო თვალსაზრისით. როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების და საინვესტიციო ინსტიტუტების ინტერესი საქართველოს მიმართ განიცდის რეგრესს. ეს არის ყველაზე ცუდი, იმიტომ რომ თანამედროვე ეკონომიკა და ბიზნესი მთლიანად განწყობების თემაა და დღეს განწყობები არის შეცვლილი ნეგატივისაკენ.”- განაცხადა ,,კომერსანტის” შემაჯამებელ ეთერში ლევან კობერიძემ.

სრულად წაიკითხეთ სტატია