რეორგანიზაციის შედეგად სამსახურის გარეშე დარჩენილ მაღაროელებზე დავალიანებების გაცემა 21 ივლისიდან დაიწყება – CMC

News.ge 4 საათი წინ 4
რეორგანიზაციის შედეგად სამსახურის გარეშე დარჩენილ მაღაროელებზე დავალიანებების გაცემა 21 ივლისიდან დაიწყება – CMC

“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი” [CMC] რეორგანიზაციის შედეგად სამსახურის გარეშე დარჩენილი მაღაროელებისთვის დავალიანებებს 21 ივლისიდან, შემუშავებული გრაფიკის მიხედვით გასცემს – ამის შესახებ ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია განცხადებას ავრცელებს.
უნდა აღნიშნოს, რომ კომპანიის მიერ დასაქმებულებისთვის დავალიანების გაცემის პირობების შესახებ ინფორმაცია 17 ივლისს პროფკავშირების გაერთიანებამ გაავრცელა.
BM.GE-მ “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” კითხვით მიმართა – რამდენი ადამიანი დასაქმდა და დარჩა სამსახურის გარეშე რეორგანიზაციის შედეგად, თუმცა მათგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
CMC-ის განცხადებაში კი წერია:
“ჭიათურის საწარმოებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი დასკვნით ფაზაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წლის 21 ივლისიდან ჭიათურაში ოპერირებადი კომპანიები იწყებენ საბოლოო ანგარიშსწორების აქტების ინდივიდუალურად და ორგანიზებულად (შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად) გაფორმებას იმ პირებთან, რომლებიც ვერ დასაქმდნენ რეორგანიზაციის პროცესში ჩამოყალიბებულ ახალ საშტატო სტრუქტურაში. საბოლოო ანგარიშსწორების აქტით გადასახდელი თანხა დაანგარიშდება კანონის შესაბამისად და ხსენებულ პირებს კომპანიისაგან მიეცემათ:
• 2025 წლის 27 აპრილამდე დაგროვებული სახელფასო დავალიანება (შემდგარი 60%-იანი კალკულაციისგან შესაბამის პერიოდებზე);
• გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება;
• კომპენსაცია ხელფასის ერთთვიანი ოდენობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საბოლოო ანგარიშსწორების აქტის ხელმომწერ პირს შეუნარჩუნდება საოჯახო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი წლის ბოლომდე.
ამავდროულად, ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან რეორგანიზაციასთან და სამუშაო პროცესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.
აღვნიშნავთ, რომ რიგ საკითხებზე გვაქვს უთანხმოება და განსხვავებული ხედვები, რომელთა გადაჭრას ვიმედოვნებთ კონსტრუქციული და სარკისებურად სამართლიანი მიდგომებით. გვინდა ხაზგასმით დავაფიქსიროთ, რომ საბოლოო ანგარიშსწორების აქტით განსაზღვრული ფინანსური პაკეტის მაჩვენებლები და მათი დაანგარიშების მეთოდოლოგია გამომდინარეობს საკანონმდებლო სტანდარტებიდან და მათი გაუმჯობესება სცდება როგორც ვალდებულებით ნაწილს, ასევე ჩვენს ფინანსურ შესაძლებლობებს, მიუხედავად დიდი სურვილისა უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით”.

სრულად წაიკითხეთ სტატია