„წელს ბაზარი იმპორტირებული ლიმონით იყო სავსე, გლეხებმა მოსავალი ძალიან დაბალ ფასად ჩააბარეს“ – ვაჟა მკურნალაძე

News.ge 5 დღის წინ 1
„წელს ბაზარი იმპორტირებული ლიმონით იყო სავსე, გლეხებმა მოსავალი ძალიან დაბალ ფასად ჩააბარეს“ – ვაჟა მკურნალაძე

თურქეთის ხელისუფლებამ ლიმონის ექსპორტი რამდენიმე დღის წინ აკრძალა, თუმცა გუშინ აკრძალვა გააუქმა და ქვეყანა პროდუქტით საერთაშორისო ბაზრების მომარაგებას კვლავ შეძლებს
წელს საქართველომ 269.6 ათასი დოლარის 559 ტონა ლიმონი იყიდა, აქედან, 68% სწორედ აღნიშნული მეზობელი ქვეყნიდან შემოიტანეს.
„აგროინვესტსერვისის“ დირექტორის, ვაჟა მკურნალაძის ინფორმაციით, საქართველოში ადგილობრივი ბაზრისთვის საკმარისი ლიმონი იწარმოება, თუმცა პრობლემა არა მოსავლის რაოდენობა, არამედ მისი შენახვა და ბაზრისთვის ეტაპობრივი მიწოდებაა.
მკურნალაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ საქართველოში, ფერმერები შესაბამისი პირობების არქონის გამო, ლიმონს ვერ ინახავენ, ამიტომ მოსავალს დაკრეფისთანავე ძალიან იაფად აბარებენ.
„საქართველოში ლიმონის წარმოების პრობლემა არ არის; ჩვენს ქვეყანაში მოყვანილი ლიმონი ადგილობრივი ბაზრისთვის სრულად საკმარისია. აქ სხვა პრობლემაა, ჩვენთან არ არსებობს ლოგისტიკური ცენტრები, სადაც წარმოებული ლიმონის შენახვა და ბაზრისთვის ეტაპობრივად მიწოდება მოხდება. ასევე, საქართველოში ადრე მწიფებადი ჯიშები არ გვაქვს, ციტრუსოვანთა ნაყოფს ნოემბერ-დეკემბერში ვკრეფთ (მანდარინს ნოემბერში ან დეკემბერში, ლიმონს- ცოტა გვიან). იმის გათვალისწინებით, რომ ციტრუსოვანი ხილი მალფუჭებადია, ფერმერებს ან კუსტარული წესით უწევთ შენახვა, რომ ბაზრისთვის მიწოდება გაახანგრძლივოს, ან იძულებული ხდება, რომ დაკრიფოს და მაშინვე მთელი მოსავალი გაყიდოს.
მოკლე პერიოდში იქმნება ჭარბი პროდუქცია, რომელსაც ფასი არ აქვს. ლიმონს ხილად არავინ იყენებს, მანდარინი შეიძლება რამდენიმე კილო შეიძინონ, მაგრამ ლიმონის შემთხვევაში ასე არ ხდება. ამიტომ, ჩვენთან ლიმონი საკმარისზე მეტი რაოდენობით იწარმოება. მიმდინარე წელს, ყველა გლეხი ამბობს, რომ წელს ძალიან ცუდ ფასად მოუწიათ ლიმონის გაყიდვა; თანაც წელს ბაზარი იმპორტირებული პროდუქციით იყო სავსე და კონკურენცია მაღალი იყო. თურქეთი ჩვენგან განსხვავებით, თურქეთში მოსავალს ორჯერ იღებენ, სექტემბერში და ასევე, გვიან შემოდგომაზე. ჩვენთან კი არც აგროტექნიკური ღონისძიებებია შესაბამისი და პლუს, არც ინტენსიური ბაღები გვაქვს, ამიტომ მოსახლეობა მხოლოდ ერთხელ იღებს მოსავალს და ისიც ძალიან მცირე დროში უნდა გაასაღოს“- აღნიშნა ვაჟა მკურნალაძემ.

სრულად წაიკითხეთ სტატია