წარმოების ახალი ხაზი და პირველი მაღაზია თბილისში – LGG-ის განვითარების გეგმები

News.ge 20 საათი წინ 1
წარმოების ახალი ხაზი და პირველი მაღაზია თბილისში – LGG-ის განვითარების გეგმები

მეტალპლასტმასის კარ-ფანჯრის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი კომპანია LGG ახალ მიმართულებას ამატებს და რიტეილ მიმართულებით გააქტიურებას იწყებს. შემოდგომიდან თბილისში, LGG-ის პირველი მაღაზია გაიხსნება. კომპანიის სიახლეებზე აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი გიორგაძემ BMGTV-ის გადაცემა „საქმიანი დილაში“ ისაუბრა.
LGG მინის წარმოებას ამატებს, რაც საშხაპე კაბინებისა და აივნის მოაჯირებისთვის განკუთვნილი შუშის დამუშავებას მოიცავს. ახალი პროდუქტი კი კომპანიის მიერ დედაქალაქში გახსნილ პირველ მაღაზიაში გაიყიდება. მაღაზიაში პირველ ეტაპზე დაახლოებით 800 სხვადასხვა დასახელების პროდუქტი იქნება წარმოდგენილი.
„მინის საწარმოს დაემატა ახალი ხაზი, რომელიც შუშებს მოაჯირებისთვის და საშხაპე კაბინებისთვის მოამზადებს. ამ მიმართულებით რიტეილ სექტორში შევდივართ – ვხსნით მაღაზიას ერისთავის ქუჩაზე, სადაც მხოლოდ ჩვენი ბრენდული პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. მომხმარებლებს შეეძლებათ ადგილზე შეიძინონ ყველა საჭირო პროდუქტი, მათ შორის აბაზანის აქსესუარებიც. ადგილზე იქნება შეკვეთის შესაძლებლობაც, რასაც ჩვენი შუშის საწარმო უზრუნველყოფს“, – განაცხადა გიორგაძემ.
გიორგი გიორგაძე აღნიშნავს, რომ კომპანიაში უკვე 200-მდე ადამიანი მუშაობს, თუმცა პროგნოზის მიხედვით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში თანამშრომელთა რაოდენობა 250-მდე გაიზრდება.
მისივე ინფორმაციით, LGG აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთანაც. მათ შორის აღსანიშნავია პარტნიორობა შვედურ გიგანტთან — Assa Abloy, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ავტორიტეტული კომპანიაა კარის შესასვლელი სისტემების მიმართულებით.
„შვედურ კომპანია Assa Abloy-სთან ექსკლუზიური ხელშეკრულება გვაქვს. ისინი 80 მილიარდ დოლარზე მეტი კაპიტალიზაციით ტოპ-5 კომპანიას შორის არიან. მათი პროდუქციის რეალიზაციის უფლება გვაქვს და ჩვენს ახალ მაღაზიაში შიდა შესასვლელი სისტემებიც გაიყიდება“, – აღნიშნა გიორგაძემ.

სრულად წაიკითხეთ სტატია