
„ბევრი ქართველი გადამზიდავი, რომელიც ძალიან დიდი ენთუზიაზმით გავიდა ჩინურ ბაზარზე, იმედგაცრუებული დაბრუნდა უკან,“- ამის შესახებ საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე “საქმის კურსთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, შუა აზიის მიმართულებით ტვირთის გადაზიდვაზე მოთხოვნა შემცირდა.
ირაკლი ნემსაძის განცხადებით, ჩინურ ბაზარს გარკვეული ტალღურობა ახასიათებს, როცა საზღვაო ხაზით ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობა არსებობს, მაშინ სახმელეთო გადაზიდვებზე მოთხოვნა იკლებს და პირიქით.
ასოციაცია შუა აზიის მიმართულებით ტვირთის გადაზიდვაზე მოთხოვნის კლების ერთ-ერთ მიზეზად ქართველი გადამზიდავების არაკეთილდინდისიერი ქმედების გამო შელახულ რეპუტაციასაც ასახელებს, რის გამოც ტვირთმფლობელები ქართველ გადამზიდავებთან აღარ თანამშრომლობენ.
“სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებით 6 თვის განმავლობაში მნიშვნელოვან ზრდას ფაქტობრივად ვერ ვხედავთ. ძალიან ბევრი ქართველი გადამზიდავი, რომელიც ძალიან დიდი ენთუზიაზმით გავიდა ჩინურ ბაზრებზე და გვქონდა დიდი მოლოდინი, იმედგაცრუებული დაბრუნდა უკან. ჩვენთან შეიმჩნევა ტენდენცია, რომ შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით ტვირთების გადაზიდვაზე მოთხოვნა შემცირდა. ციკლი ასე გამოიყურებოდა ქართველი გადამზიდავისთვის, რომ ძირითადად თურქეთიდან ან საქართველოში მოტანილ ტვირთებს გადაზიდავდნენ ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით,.პირდაპირ ჩინეთზე ტვირთები არ გვაქვს, შემდეგ გადადიოდნენ გადამზიდავები ჩინეთის ტერიტორიაზე და მოჰქონდათ უკან ტვირთები. ეს იყო ჩვენი რეგიონის დანიშნულებით ტვირთები სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის მიმართულებით.
შეიმჩნევა ტალღურობა ჩინეთის ბაზართან დაკავშირებით. როგორც კი საზღვაო ხაზის მიმართულებით მდგომარეობა სტაბილურდება, ანუ საკონტეინერო გადაზიდვა რაღაც ვადებში ექვემდებარება ლოგიკას და ტარიფები მცირდება, წითელ ზღვაში როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება, სახმელეთო გადაზიდვებზე მოთხოვნა მკვეთრად იკლებს, იმდენად მკვეთრად რომ ხშირად ქართველი გადამზიდავები უკან დასაბრუნებელ რესურსსაც ვერ მოიპოვებენ ჩინეთიდან.
ამას ემატება სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის ამას დაემატა რეპუტაციული ზიანი, რაც მივიღეთ ამ რამდენიმე თვის და წლის განმავლობაში, როცა რიგმა ქართველმა გადამზიდავებმა არაკეთილსინდისიერება და არაკვალიფიციურობა გამოაჩინეს სამწუხაროდ. რამდენიმე თვის წინ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან და საგარეო უწყებასთან ერთად ჩართული ვიყავით პროცესში, რომელიც ემსახურებოდა ქართველი გადამზიდავების რეპუტაციის აღდგენას, ასეც კი დაისვა საკითხი, რომ ქართველ გადამზიდავებს არ ტვირთავდნენ”,-აცხადებს „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ირაკლი ნემსაძე.
საპირისპირო ტენდენციას აჩვენებს საკონტეინერო გადაზიდვების სტატისტიკა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 თვეში შუა დერეფანზე ჩინეთიდან და პირიქით, ჩინეთისკენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ 9,849 TEU შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 173.0%-ით მეტია.