
შვეიცარიაში ანტიმუსლიმური განწყობა ცხოვრების ყველა სფეროში გვხვდება, -ასეთია საბაზისო კვლევის შედეგად მიღებული დასკვნა, რომელიც შვეიცარიის „ისლამისა და საზოგადოების ცენტრმა“ ხუთშაბათს, 27 თებერვალს გამოაქვეყნა.
„ანტიმუსლიმური განწყობა ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს საზოგადოებაში. ის არა ინდივიდუალურ, არამედ სისტემურ პრობლემას წარმოადგენს. ამგვარი ქსენოფობია თვალსაჩინოა სხვადასხვა ინსტიტუციებში, მათ შორის განათლების სისტემაში, საწარმოებში, პოლიციასა და მედიის სფეროში“, – განაცხადა „ისლამისა და საზოგადოების ცენტრის“ წარმომადგენელმა, ჰანს-იორგ შმიდმა, რომელიც კვლევის ერთ-ერთი თანაავტორია.
კვლევის თანახმად, 2 471 მუსლიმიდან, რომელმაც დისკრიმინაცია განიცადა, ეს ფაქტი მხოლოდ ერთმა რესპონდენტმა დაადასტურა. ამიტომ, კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ანტიმუსლიმური განწყობების ბევრი შემთხვევა ვერ ფიქსირდება.
„დაზარალებულთა დიდი ნაწილი დარწმუნებული არ არის, რომ შესაბამისი ინსტიტუციებისგან დახმარებას მიიღებენ. ისინი ფიქრობენ, რომ მათ პრობლემებს სერიოზულად არ მოეკიდებიან“, – ამბობს კვლევის დამკვეთი უწყების, რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფედერალური კომისიის ხელმძღვანელი, მარიანა ჰელფერი.
რეალობასთან მიახლოვებული ინფორმაციის მოსაპოვლად, კვლევის ავტორები საკონსულტაციო მომსახურების დახვეწას და მონიტორინგის გაძლიერებას გეგმავენ. გარდა ამისა, მათი აზრით, საზოგადოებამ უკეთ უნდა გააცნობიეროს პრობლემის არსი და მისი დაძლევის მნიშვნელობა.
2019 წელს ჩატარებული ანალოგიური კვლევის დროს, მუსლიმების 35 პროცენტზე მეტმა განაცხადა, რომ რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. კვლევის ავტორების თქმით, შვეიცარიის მოსახლეობის ორ მესამედზე მეტს მუსლიმური რწმენის მქონე ადამიანების მიმართ მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.
შვეიცარიის „ისლამისა და საზოგადოების ცენტრის“ კვლევა ეფუძნება ინტერვიუებს სპეციალიზებული სააგენტოების, ხელისუფლების ორგანოების, მუსლიმური ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების ექსპერტებთან. გარდა ამისა, უფრო სიღრმისეული ინტერვიუები ტარდება იმ ადამიანებთან, რომლებიც ანტიმუსლიმური ქცევის შედეგად დაზარალდნენ.
1tv.ge