„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და სახელისუფლებო მედიამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ მინისტრს ნიკა გილაურს „რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი“ უწოდეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გილაურის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ „რეფორმატიკსი“ ამერიკულ კომპანია Continental Strategy-სთან კონტრაქტი გაფორმა, რომლის ფარგლებშიც გილაურის „რეფორმატიკსი“ ამერიკულ კომპანიას ლობისტური და საკონსულტაციო მომსახურების სანაცვლოდ 600 000 აშშ დოლარს გადაუხდის. ვინაიდან კონტრაქტი აშშ-ს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ფარგლებში ექცევა, ის აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კონტრაქტი კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოში FARA-ს საჭიროებას, რათა გამოავლინოს გილაურის მსგავსი ფიგურები, რომლებიც, მათი თქმით, „დიფ სთეითის“ ინტერესებს ემსახურებიან.
ნიკა გილაური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს 2009-2012 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა მას ტექნიკური მთავრობის პოტენციურ ლიდერად განიხილავდა. გილაური რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მხარდამჭერი იყო და შექმნა ფონდი – Prosperity Georgia – რომელიც დემონსტრანტებისთვის დაკისრებულ მაღალ ჯარიმებს ფარავდა და პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს ეხმარებოდა. Prosperity Georgia იმ ფონდებს შორისაა, რომელთა ანგარიშებიც, პროკურატურის მოთხოვნით, დააყადაღეს.
„რეფორმატიკსის“ კონტრაქტი Continental Strategy-სთან
კონტრაქტის თანახმად, კომპანია „რეფორმატიკსის“ მთავარი მიზანი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა. კონტრაქტის თანახმად, „რეფორმატიკსის“ მიზანია საქართველო ევროპული სტილის დემოკრატიად აქციოს და უზრუნველყოს საქართველოს ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და აშშ-ევროკავშირის ქვეყნებს შორის კავშირების პლატფორმის შექმნის გზით.
კონტრაქტის თანახმად, Continental Strategy-ს ვალდებულებები „რეფორმატიკსის“ მიმართ მოიცავს:
- აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობების დამყარებას პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობის მიზნით;
- დემოკრატიის, ანტიკორუფციული ინიციატივებისა და სამთავრობო რეფორმების ხელშეწყობის მხარდაჭერას აშშ-საქართველოს ურთიერთობებთან შესაბამისობაში;
- მთავრობასთან ურთიერთობების, პოლიტიკის ადვოკატირებისა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის კუთხით ფართო გამოცდილების გამოყენებას „რეფორმატიკსის“ მიზნებთან შესაბამისობაში.
ნიკა გილაურმა, „რეფორმატიკსის“ დამფუძნებელმა და ერთ-ერთმა დირექტორმა, კონტრაქტის ზემოთ მოყვანილი ნაწილი სოციალურ მედიაში თავად გამოაქვეყნა, რითიც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და სახელისუფლებო მედიას, რომელმაც გარიგების დეტალები დაამახინჯა და ისე წარმოაჩინა, თითქოს FARA-მ გილაური „ამხილა“.
„ქართული ოცნების“ გამოხმაურება
გილაურის კომპანიის კონტრაქტს ამერიკულ კომპანიასთან მმართველი პარტიის წარმომადგენლები და სახელისუფლებლო მედია გამოეხმაურნენ.
„FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელმა ნიკა გილაურმა ლობისტებს 6 თვეში 600 000 აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს“, – ნათქვამია ტელეკომპანია „იმედის“ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და კიდევ ერთხელ გაამართეს FARA-ს საჭიროება საქართველოში, რადგან, მათი თქმით, სწორედ ამგვარ ძალებსა და საქმიანობებს ამხელს ეს კანონი.
„ნიკა გილაური ერთ-ერთი არის იმ ადამიანთაგან, რომლის მიზანიც სხვათა შორის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა ჩამოიშალოს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ და დასძინა, რომ ეს ადამიანები „დიფ სთეითის“ დავალებებს ახორციელებენ.
„პირი, რომელიც ამბობდა და საზოგადოებას ატყუებდა, რომ პოლიტიკისგან დაცლილია და არ ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ლობისტურ კომპანიას ქირაობს და ამაში ნახევარ მილიონ დოლარზე მეტს იხდის“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
„ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნიკა გილაური რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად ჩართულია ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლადო ბოჟაძემ.
„ნახეთ ხო რა საქმიანობაში უნდა დაიხარჯოს ეს ფული?! პროპაგანდაში, უცხოელ პოლიტიკოსებთან ურთიერთობაში, ოდიოზური სენატორები და სხვა პოლიტიკოსები უნდა იპოვონ, რათა ანტიქართული საქმიანობა აწარმოონ”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
- 14/03/2025 – „ქართული ოცნების“ ლიდერები „დიფ სთეითის“ შეთქმულების შესახებ ნარატივს აძლიერებენ
- 04/03/2025 – დაწვრილებით | უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი
- 26/02/2025 – უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის შეუსრულებლობისთვის „ქართული ოცნება“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს
- 25/10/2024 – ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოს განვითარების დეტალური გეგმა წარმოადგინა