22 იანვარს, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში სამი საკანონმდებლო ცვლილების პროექტი და ერთი კანონპროექტი შეიტანეს, რომელთა განხილვა სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება. შემოთავაზებული კანონპროექტები ეხება იარაღის შესახებ კანონს, ორგანულ კანონს სახელმწიფო კომპენსაციის შესახებ, ორგანულ კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და საარჩევნო კოდექსს. მათგან ორი ეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო), ხოლო ორი არჩევნებთან დაკავშირებული კანონპროექტია.
ცვლილებები კანონში იარაღის შესახებ
ეს კანონი ამჟამად განსაზღვრავს რამდენიმე კატეგორიას, ვისაც აქვს სამსახურებრივი იარაღის ტარების უფლება. მათ შორის არის პირები, რომელთაც უკვე აქვთ იარაღის ტარების უფლება: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროების თანამდებობის პირები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები და ა.შ.
ინიცირებული ცვლილებები ითვალისწინებს ამ სიისთვის „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი წევრების“ კატეგორიის დამატებას.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, „თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნარჩუნდება ცესკოს იმ წევრს, რომელიც თავის უფლებამოსილებას უწყვეტად ახორციელებდა უფლებამოსილების ვადის ბოლო 4 წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ წევრისა, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით“.
ცვლილებები საქართველოს ორგანულ კანონში „საარჩევნო კოდექსი“
შემოთავაზებულ კანონპროექტზე დაყრდნობით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოვლენილმა „პრაქტიკულმა გამოწვევებმა“ განაპირობა. გაცხადებული მიზანია საარჩევნო კანონმდებლობის „რიგი პროცედურული და ტექნიკური თავისებურებების გადახედვა და არსებულ პრაქტიკულ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა“. ცვლილებები მოიცავს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, პრესისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დანიშვნის ახალ კრიტერიუმებს.
„პარტიულ და არაპარტიულ დაკვირვებას შორის არსებული ზღვარის უფრო მკაფიოდ დაცვის მიზნით“, ცვლილება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სუბიექტებს არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე შეიძლება ჰყავდეთ არაუმეტეს ერთი წარმომადგენლისა.
გარდა ამისა, ცვლილებები ითვალისწინებს საარჩევნო კომისიის ფუნქციებში ჩარევისთვის სანქციების გაზრდას და მუნიციპალურ წარმომადგენლობით ორგანოებში გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესის ცვლილებას, რათა ის შესაბამისობაშში მოვიდეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესთან.
სახელმწიფო კომპენსაცია ცესკოს წევრთათვის
შემოთავაზებული კანონპროექტი ეხება ცესკოს წევრებისთვის სახელმწიფო კომპენსაციის საკითხს. კანონპროექტის მიხედვით, ცესკოს წევრები ხელფასის მესამედს სახელმწიფო კომპენსაციის სახით მიიღებენ. ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს ენიშნება ცესკოს წევრის კომპენსაცია 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი 5 წლის განმავლობაში უწყვეტად იყო ცესკოს წევრი.
„კანონპროექტის მიზანია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, თავმჯდომარისა და წევრებისთვის მათი მაღალი სახელმწიფოებრივი სტატუსისა და ფუნქციების გათვალისწინებით, სათანადო სოციალური დაცვის გარანტიების დადგენა“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ცესკოს წევრებს ხელფასები გაეზარდათ. 2024 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელფასი თვეში 12 410 ლარამდე გაიზარდა.
საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილების მიზანია „კანონში არსებული ნორმების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა“. კერძოდ, „პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს შესაბამისი მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის მეორე დღიდან“ , ხოლო „საბიუჯეტო დაფინანსების გაცემა იწყება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგის გამოცხადებიდან“.
ამ ცვლილებების ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, ასევე თენგიზ შარმანაშვილი და გურამ მაჭარაშვილი („ხალხის ძალა“).
ცვლილებების ინიცირება იმ ფონზე მოხდა, როცა „ქართული ოცნების“ პარლამენტის ლეგიტიმაცია სადავოა, ვინაიდან ოპოზიციური პარტიები, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამოქალაქო საზოგადოება და ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი არ აღიარებს მის ლეგიტიმურობას. არჩევნების სადავო შედეგების გარდა, 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა გადაწყვეტილება 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ, რამაც თბილისსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მიიღო კანონები, რომლებსაც ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა რეპრესიული უწოდეს.
ასევე წაიკითხეთ: