„ქართული ოცნებისთვის“ რეკლამის გადაღების გამო Metro Production-ის თანამშრომლები სამსახურს ტოვებენ

Civil Georgia 6 დღის წინ 6
„ქართული ოცნებისთვის“ რეკლამის გადაღების გამო Metro Production-ის თანამშრომლები სამსახურს ტოვებენ

წამყვანი სარეკლამო სააგენტო Metro Production-ის თანამშრომლების უმეტესობამ პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვა მას შემდეგ, რაც სააგენტოს დირექტორმა განაცხადა, რომ მან „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისთვის ვიდეო მოამზადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო რეკლამა კომპანიის რამდენიმე შტატგარეშე თანამშრომლის მონაწილეობით შეიქმნა, თუმცა ამ თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათ არ იცოდნენ, რომ ვიდეო მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიისთვის იყო გამიზნული. ამის ნაცვლად, მათ უთხრეს, რომ ვიდეოს მიზანი ბათუმში ტურიზმის პოპულარიზაცია იყო, როგორც ამის თაობაზე მედია იტყობინება.

10 ოქტომბერს, მმართველი პარტიის მიერ კამპანიის ახალი რეკლამის გამოქვეყნებიდან ერთ დღეში, Metro Production-ის დირექტორმა ნიკა ბოჭორიშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე ვიდეო ატვირთა. „ეს რგოლი გადაღებულია ჩემი ხელმძღვანელობით მოწვეულ ფრილანსერ გუნდთან ერთად“, – დაწერა მან. მისმა პოსტმა მაშინვე გამოიწვია ფართო უკმაყოფილება, რაც კომენტარებშიც აისახა. ზოგიერთმა თანამშრომელმა, რომლებიც იმის გამო გაბრაზდნენ, რომ გადაღებებში შტატგარეშე თანამშრომლებად ისე ჩაერთდნენ, რომ მისი ნამდვილი მიზანი არც იცოდნენ, სამსახურიდან წასვლის შესახებ პირდაპირ კომენტარებში განაცხადეს.

ვიდეო ოპტიმისტური და პოზიტიური ტონით გამოირჩევა, რაც მკვეთრად ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ სხვა, ნეგატიური ტონის რეკლამებს. მასზე ნაჩვენებია გიგანტური ქართული დროშა, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა ადგილას ფრიალებს და მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და სიყვარულის თემებს ავითარებს. ვიდეოში ასევე ნაჩვენებია რიგითი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების სახეებიც. თუმცა, გაურკვეველი რჩება, იცოდნენ თუ არა მათ ვიდეოს ნამდვილი მიზნის შესახებ, თუ ისინიც მოატყუეს.

„სამწუხაროა, რომ კომპანიაში სადაც 4 წელი გავატარე, კეთდება პროექტი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდით. ცოდნის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას უფრო მარტივად და სწრაფად მივიღებდი“, – წერს სააგენტოს თანამშრომელი სანდრო ჯავახიშვილი ფეისბუქზე და სამსახურის დატოვების შესახებ იტყობინება.

სააგენტო ასევე დატოვა კიდევ ერთმა თანამშრომელმა, უფროსმა არტ დირექტორმა სალი ნიკოლაიშვილმა. მართალია მას მიზეზი არ დაუკონკრეტებია, მიზეზი, როგორც ჩანს, იგივეა.  სხვა თანამშრომლებთან ერთად, სააგენტო დატოვა კრეატიულმა დირექტორმა ეკა ყიფიანმა. გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტო თანამშრომლების დიდმა ნაწილმა დატოვა.

სრულად წაიკითხეთ სტატია