„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ინდოეთში ჩავიდა, სადაც ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის, Observer Research Foundation (ORF)-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში Raisina Dialogue მიიღებს მონაწილეობას. ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მისი ორმხრივი შეხვედრები ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან და სხვა მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთან.
ბოჭორიშვილის გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე
პანელურ დისკუსიაზე „კონკურენცია და თანამშრომლობა მომავლის უზრუნველსაყოფად” საუბრისას, ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ისტორიული ხიდის როლზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ „საქართველო შესაძლოა ძალიან პატარა ქვეყანაა გეოპოლიტიკური პროცესების განსაზღვრისთვის, მაგრამ ის მდებარეობს იქ, სადაც გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს კვეთს, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამ შესაძლებლობებით ეფექტიანად სარგებლობისთვის კი საკმარისი სიბრძნე და შორსმჭვრეტელობაა საჭირო“.
ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ დიდი ხნის განმავლობაში საქართველო მუდმივად ცდილობდა გადაექცია შავი ზღვა ევროკავშირთან გამაერთიანებელ ხიდად და არა გამყოფ ბარიერად. თუმცა, მისი თქმით, ამ მიზნის მიღწევა „აქტიურ მუშაობას და ინვესტიციებს მოითხოვს“.
„ჩვენ ერთად შეგვიძლია განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები, რომლებიც სარგებელს მოუტანს ევროკავშირს“, – აღნიშნა მან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებთან – აზერბაიჯანთან და თურქეთთან – მჭიდრო თანამშრომლობის, ასევე სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რაც დაეხმარა საქართველოს მისი ისტორიული როლის აღდგენასა და გაძლიერებაში.
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა შუა დერეფნის მნიშვნელობას და მისი განვითარება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა. „ჩვენ მზად ვართ ჩავდოთ ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში და სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელსაც ეს პროექტები სთავაზობს საქართველოს“, – განაცხადა მან.
უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ორი რეგიონი – აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება, რაც „სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს რეგიონს“. მისი თქმით, ეკონომიკური განვითარება და სწორი რეფორმები ამ საფრთხეებზე მთავარი პასუხი უნდა იყოს.
„გლობალურ რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციები უკავია ბიზნესის კეთების, ღია მმართველობის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით. ეს მიღწევები შესაძლებელი გახდა მთავრობის მიერ გატარებული თანმიმდევრული რეფორმების შედეგად, განსაკუთრებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
პანელურ დისკუსიაში მაკა ბოჭორიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ: სლოვენიის ვიცე–პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ტანია ფაიონი, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საინვესტიციო და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჰასან ელ ხატიბი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონათან პაუელი, ინდოეთის საგარეო საქმეთა მდივანი ვიკრამ მისრი, Infosys-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე ნანდან ნილეკანი და DP World –ის აღმასრულებელი და მმართველი დირექტორი რიზვან სუმარი. დისკუსიის მოდერატორი იყო Observer Research foundation-ის პრეზიდენტი სამირ სარანი.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ: