„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 20 თებერვალს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, მის თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. შედეგად, საჯარო სამსახურის ბიურო გაუქმდება და მისი ფუნქციები „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა. ცვლილებებს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ „კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიუროს ჩამოერთვა ცალკეული ფუნქციები, მათ შორის, თანამდებობის პირების დეკლარირების ფუნქცია, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს გადაეცა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ბიუროს ლიკვიდაციის საკითხი“.
ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, ცვლილებები ძალაში 2025 წლის 1 აპრილიდან შევა.
გადაწყვეტილება საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმების შესახებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 3 თებერვალს გააჟღერა და განაცხადა, რომ მან ეს გადაწყვეტილება „მართვის რაციონალიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით“ მიიღო.
თუმცა, ბიუროს თანამშრომლებმა, მათ შორის ნინო ცუხიშვილმა, ეს ნაბიჯი გააკრიტიკეს და გამოთქვეს ვარაუდი, რომ ლიკვიდაცია საჯარო სამსახურში განსხვავებული ხმების ჩახშობას ისახავს მიზნად. ცუხიშვილმა გაიხსენა ერთობლივი პეტიცია, რომელსაც 2024 წლის ნოემბერში ბიუროს ზოგიერთმა თანამშრომელმა მოაწერა ხელი „საჯარო სამსახურის“ შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების საპასუხოდ, რომლებიც, მისი თქმით, რეპრესიული იყო. ამ ცვლილებებს, მისი თქმით, იმ საჯარო მოხელეების გათავისუფლება მოყვა, რომლებმაც ცვლილებების მიმართ წინააღმდეგობა გამოხატეს.
საჯარო სამსახურის ბიურო 2004 წელს შეიქმნა და მისი საქმიანობა უკავშირდებოდა „საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, რაც ემსახურება ევროკავშირის ღირებულებებისა და საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად საჯარო სამსახურის მოწყობის მიზანს“.
ასევე წაიკითხეთ: