„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 20 თებერვალს, მესამე მოსმენით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მიიღო, რომლის თანახმად, გრანტების გაცემის შესაძლებლობა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ექნება. ცვლილებს 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და ის პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, გრანტების გაცემის შესაძლებლობა ექნება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სსიპ-ს, რომლის წესდების მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, ნათქვამია პარლამენტის პრესრელიზში. ამავე პრესრელიზის თანახმად, „ცვლილება განპირობებულია სამთავრობო პროგრამაში დაფიქსირებული მთავრობის ამოცანით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერას“. მიმდინარე წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული გრანტებისთვის.
ამასთან, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს ექნება უფლებამოსილება საჭიროებისამებრ, გამოსცეს ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
ცვლილება „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერისთანავე ძალაში შევა.
გრანტების შესახებ კანონსა და სხვა კანონმდებლობაში ცვლილებები მიმდინარე თვის დასაწყისში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დააანონსა. „საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, უზრუნველყონ არა უცხოური, არამედ ქართველი ხალხის გავლენის გატარება საქართველოში, შეეძლებათ მიიღონ საგრანტო დაფინანსება საქართველოს მთავრობისგან“, – განაცხადა მან.
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები და მისი ფსევდო-ოპოზიციაა წარმოდგენილი, ოქტომბრის სადავო არჩევნების შემდეგ ლეგიტიმაციას მოკლებულია. ოპოზიციის უმრავლესობამ გააუქმა მანდატები, ხოლო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრები საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტს აგრძელებენ, თუმცა მანდატებზე ოფიციალურად უარი არ უთქვამთ.
ასევე წაიკითხეთ: