„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი უცხოელ პარტნიორებს პოლიტიკურ ჩარევაში ადანაშაულებს

Civil Georgia 1 თვე წინ 21
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი უცხოელ პარტნიორებს პოლიტიკურ ჩარევაში ადანაშაულებს

7 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციები, უცხოელი დიპლომატები და დასავლეთის მთავრობები ქვეყნის პოლიტიკურ და სასამართლო საქმეებში სავარაუდო ჩარევაში დაადანაშაულა. პაპუაშვილმა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) „თაღლითების ორგანიზაცია“ უწოდა, ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს ხელისუფლების შეცვლის მცდელობაში დაადანაშაულა და დიპლომატები ბელგიიდან, ლიეტუვიდან და დიდი ბრიტანეთიდან  ქვეყნის სუვერენიტეტის სავარაუდო შელახვისთვის გააკრიტიკა. პაპუაშვილმა ასევე გააკრიტიკა MEGOBARI აქტი, აშშ-ის ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევისა და დემოკრატიის შელახვისთვის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციებს დაუწესებს.  

პაპუაშვილი „სამართლიანი არჩევნებს“ „თაღლითების ორგანიზაციას“ უწოდებს

ბრიფინგზე პაპუაშვილმა „სამართლიან არჩევნებს“ „თაღლითების ორგანიზაცია“ უწოდა და განაცხადა, რომ მან 2020 წლის არჩევნების შედეგებით მანიპულირება მოახდინა, რომლის მიზანიც ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო.

მან ასევე განაცხადა, რომ 2024 წელს „სამართლიანმა არჩევნებმა“ ხმების პარალელური დათვლის შედეგები „დამალა“. „USAID-ის ხელმძღვანელობასთან ერთად მალავდა ნამდვილ შედეგებს და გვატყუებდნენ, როგორც ISFED-ის, ისე USAID-ის ამერიკელი და ქართველი თანამშრომლები“, – განაცხადა მან.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „საკმაოდ სარწმუნო“ ინფორმაციის თანახმად, ISFED-ის გადაწყვეტილება, არ გამოექვეყნებინა შედეგები, დონორის მიერ იყო ნაკარნახევი. მან ასევე განაცხადა, რომ „ამერიკული დაფინანსება უკვე ჩაეხსნა და ამ თაღლითურ ორგანიზაციას დღეს აფინანსებს ბრიუსელი“. პაპუაშვილმა გაიმეორა „ქართული ოცნების“ პოზიცია, რომ ISFED-ის უცხოური დაფინანსება საქართველოში პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნა.

პაპუაშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნებს ხელისუფლების შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს ხელისუფლების შეცვლის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათ გადაიბარეს როლი, რომელსაც ადრე დასავლური ორგანიზაციები ასრულებდნენ.

„რაც ადრე კეთდებოდა USAID-ის, NED-ის, თუ სხვა ასეთი ორგანიზაციის ხელით, რომლებიც უფრო გამოცდილები იყვნენ ხელისუფლებების ცვლილებების საკითხებში უფრო ფარულად, არაპირდაპირ. დღეს ვხედავთ, რომ რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლება პირდაპირ არის ჩართული ამ პროცესში და ამაში განსაკუთრებით გამოირჩევიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ყოფილი საბჭოთა სამი რესპუბლიკა, რომელიც დღეს ევროკავშირის წევრია, ბალტიის ქვეყნებს ვგულისხმობ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ვხედავთ, რომ მთლიანად პლატფორმა აქვთ მიცემული ქართული ოპოზიციისთვის და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აღმოჩნდა, რომ არიან ესტონური NGO-ები“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ბალტიისპირების ქვეყნების მიერ ცოტა ხნის წინ დაწესებული სანქციები იქ ქართული ოპოზიციისა და არასამთავრობოების ვიზიტს დაემთხვა.  

„ესტონური NGO-ები დღეს გველაპარაკებიან ქართველო ხალხის სახელით“, – განაცხადა მან. პაპუაშვილს, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა ის ფაქტი, რომ უცხოელი აგენტების კანონის მიღების შემდეგ, ზოგიერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია საზღვარგარეთ, მათ შორის ესტონეთში დარეგისტრირდა.

პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები უშუალოდ მონაწილეობდნენ პოტენციურ დასასანქცირებელ პირთა სიის შედგენაში. „სანქციები დაწესდა იმ დროს, როდესაც იმ დედაქალაქებში იმყოფებოდა ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ესტონურები, როგორც საბოლოო ჯამში გამოჩნდა. სიაც ფაქტია, ესტონეთის საგარეო საქმეთა თავქარიან მინისტრს წარმოდგენა არ აქვს ქართველი პოლიციელების სახელებზე და გვარებზე, ხომ გასაგებია? ეს სია შედგენილი არის ესტონური NGO-ს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მათი მთავრობის დავალებით“, – განაცხადა მან.

„ამ სამ ხელისუფლებას საქართველოს მიმართ აქვს ერთადერთი ინტერესი, ეს ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვიყოთ იარაღი და ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა. „ამ სამ პოსტსაბჭოთა ქვეყანას აქვს თავისი შიშები რუსეთთან მიმართებაში და იმის ნაცვლად, რომ თამამად დადგნენ, ამ შიშებს გაუმკლავდნენ და თუ ბრძოლა უნდათ იბრძოლონ, ცდილობენ სხვა ქვეყნების ხელით, სხვა ხალხების ხელით რუსეთს ყურადღება გადაატანინონ სხვა საკითხებზე“.

სასამართლო სისტემის შესახებ ბელგიისა და ლიეტუვის პოზიციების კრიტიკა

ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოუწოდებდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება, პაპუაშვილმა უარყო ასეთი წუხილები და ბელგიის პოზიცია ევროპარლამენტის წინა რეზოლუციებს დაუკავშირა.

„ბელგიის მთავრობის პოზიცია ჩვენთვის ცნობილია ევროპარლამენტის რეზოლუციიდან, სადაც მხარი დაუჭირეს კრიმინალების გათავისუფლებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰყავდა მხედველობაში. „როგორც ჩანს, შესაძლოა, მათთვის კანონის უზენაესობა სხვა ქვეყნებში იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც საკუთარ ქვეყნებში“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი უცხოური ხელისუფლება არ სცემს პატივს საქართველოში დემოკრატიულ პრინციპებს. „როგორც ჩანს, ზოგიერთ ხელისუფლებას ქართველი ხალხისთვის არ ემეტება კანონის უზენაესობა, დემოკრატია, არჩევნები. ზოგს სურს, ის, რაც მათთვის და იუპიტერისთვის კარგია, ჩვენ ალბათ ხარები ვართ და არ გვაქვს უფლება, გვქონდეს მართლწესრიგი და კანონმდებლობა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მან ასევე გააკრიტიკა უცხოელი დიპლომატები სასამართლო სხდომებზე დასწრების გამო. როგორც ცნობილია, ლიეტუვის ელჩი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 მარტს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დაესწრო. პაპაუშვილის თქმით, ეს იმ ქვეყნის ელჩია, რომელმაც „რამდენიმე მოსამართლე, მათ შორის, ლამის მთელი საკონსტიტუციო სასამართლო დაასანქცირა“.

„ისინი არც იურისტები არიან, არც ქართული ესმით და არ მგონია, თარჯიმანი ასე სწრაფად უთარგმნიდეს რამეს, რომ პროცესიდან რაიმე შინაარსი გამოიტანონ. შეუძლიათ, სხვა მხრივაც მიიღონ ეს ინფორმაცია. ამ პროცესს თუ შევხედავთ, ელჩების დასწრებას სასამართლო პროცესზე აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება. ეს არის ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება. ეს არის ჩვენება, რომ იქ სხედან, აკვირდებიან და თუკი ისინი არ მოიქცევიან ისე, როგორც მათ სურთ – და რა სურთ მათ, საჯაროდაც ამბობენ – ამას მოჰყვება სასჯელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ ეს საერთაშორისო წესრიგის წესების „უხეში დარღვევა“ და საქართველოს „სუვერენიტეტის უპატივცემულობაა“.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია