გერმანიის ელჩს საქართველოში პიტერ ფიშერს 18 მაისს, ბათუმში, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შეაგინა. ეს ინფორმაცია საელჩომ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაუდასტურა მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო არხმა POSTV-მ გაუშვა ვიდეო, სადაც მამაკაცი უცენზურო ენას იყენებს და დიპლომატის საჯაროდ შეურაცხყოფით ტრაბახობს.
„საელჩო ადასტურებს ამ შემთხვევას და მადლობას უხდის იმ ქართველებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ინციდენტს და ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს, როგორც მათი ქალაქის სტუმარს. მას შემდეგ, რაც ირგვლივ მდგომმა ქართველებმა ბატონ ქოჩიაშვილს მის უღირს საქციელზე მიუთითეს, მან სწრაფად დატოვა იქაურობა. პოლიცია ადგილზე არ ყოფილა“, – უპასუხეს „ფორმულას“ გერმანიის საელჩოში.
მამაკაცმა TikTok-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც იხსენებს, თუ როგორ შეუტია სიტყვიერად პიტერ ფიშერს და რატომღაც მის თანამდებობას რუსული სიტყვით [посол] მოიხსენიებს. იგი იმეორებს იმ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რომლითაც დასავლელ დიპლომატს მიმართა და ამბობს, რომ ის ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ და „საქართველოში შიმშილით უნდა მოკვდეს“. „ამ მთავრობასაც რა ვუთხარი, აქამდე ტ****ი პანღური რომ არ ამოკრა და არ გააგდო ქვეყნიდან?“, – აღნიშნავს იგი.
ოპოზიციის ლიდერებმა დაგმეს ინციდენტი, ხოლო „ქართული ოცნება“ დუმილს ინარჩუნებს.
გერმანელი დიპლომატისადმი სოლიდარობის გამოხატვისას, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ინციდენტს „სამარცხვინო“, „მიუღებელი“ და „ანტიქართული საქციელი“ უწოდა.
„ეს იყო არა მხოლოდ პროვოკაცია, არამედ ქართველი ხალხის მეგობრის წინააღმდეგ რეჟიმის მიერ წახალისებული და ორგანიზებული თავდასხმა, ამას ამტკიცებს მათი პროპაგანდის მიერ ამ ინციდენტის ატაცება და გავრცელებაც“, – დაწერა მან „ფეისბუქზე“. „ეს შემთხვევითი ინციდენტი არ ყოფილა, ეს არის წლების განმავლობაში დასავლეთის წინააღმდეგ გაღვივებული ზიზღის, მიზანმიმართული პროპაგანდის და ქვეყნის ევროპული კურსის შერყევის მცდელობის შედეგი“.
ოპოზიციური პარტიის „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ასევე დაგმო ელჩზე სიტყვიერი თავდასხმა და განაცხადა, რომ ის „გარდა იმისა რომ ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, ამავდროულად, არის დანაშაული და უსწრაფეს რეაგირებას მოითხოვს“. მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეკისრება, რადგან „სწორედ მისი ანტიდასავლური რიტორიკა და პროპაგანდა არის მომხდარი ინციდენტის მაპროვოცირებელი“.
„ქართული ოცნება“ დიპლომატების წინააღმდეგ რიტორიკას აძლიერებს
ბოლო დროს ელჩი ფიშერი მმართველი პარტიის განსაკუთრებული სამიზნე გახდა. „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, განსაკუთრებით აქტიურად გამოთქვამს ბრალდებებსა და საყვედურებს ელჩის მისამართით.
პაპუაშვილმა ფიშერი 16 მაისს ბათუმში დაკავებული ჟურნალისტისა და გამოცემა „ბათუმელების“ დირექტორის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასწრების გამო და იმის გამოც გააკრიტიკა, რომ მან იმავე გამოცემასთან ინტერვიუ პლაკატის „თავისუფლება მზიას“ ფონზე ჩაწერა.
„იმ ფონზე, რომ ელჩმა ქართული არ იცის და დარბაზშიც არავინ უთარგმნიდა, ცხადია, რომ ამ „დაკვირვების“ მიზანი არა პროცესის მსვლელობის დეტალების გაგება იყო, არამდე მოსამართლისთვის განწყობის ჩვენება, რომ მას „დიდი ძმა“ აკვირდება და თუ ის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, შედეგსაც მოიმკის“, – დაწერა პაპუაშვილმა „ფეისბუქზე“ 20 მაისს. „რა თქმა უნდა, როგორც პროცესზე ამგვარი „თვალთვალი“, ისე გერმანიის ელჩის ამ ლოზუნგის ფონზე გამოჩენა მართლმსაჯულებაზე ზეწოლაა, რაც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ცალსახა დარღვევაა“.
„ბათუმელები“ ელჩს გამოესარჩლა და განაცხადა, რომ ის ყველა ინტერვიუს ერთი და იგივე პლაკატის წინ წერს და გამოცემის დირექტორის გათავისუფლებას მოითხოვს. გამოცემამ ასევე უარყო პაპუაშვილის მტკიცება, რომ ფიშერი არ იყო ინფორმირებული სასამართლო პროცესის შესახებ და აღნიშნა, რომ იქ არა მხოლოდ გერმანიის, არამედ შვედეთისა და ესტონეთის ელჩებიც იმყოფებოდნენ და ყველას მიეწოდა სხდომის წერილობითი თარგმანი.
15 მაისს მიცემულ ინტერვიუში ფიშერმა ეჭვქვეშ დააყენა მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელის გარტყმისთვის „ზედმეტად მკაცრი სასჯელის“ პროპორციულობა. მართალია აღიარა, რომ „გერმანიაში, რა თქმა უნდა, პოლიციელისთვის ხელის გარტყმის უფლება არ გაქვს“, მან შეშფოთება გამოთქვა შესაძლო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობის გამო და აღნიშნა, რომ ამაღლობელმა უკვე გაატარა ოთხი თვე წინასწარ პატიმრობაში.
16 მაისს, პაპუაშვილმა გერმანიის ელჩი „საბჭოური აზროვნების“ მაგალითად მოიხსენია. ის ფიშერის კომენტარს პასუხობდა, რომ „თუ გსურს ევროკავშირის მსგავს ორგანიზაციაში გაწევრიანება, მასზე ასე ცუდად საუბარი კარგი იდეა არ არის“.
„ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებთან ერთად, ელჩი სამიზნეში მმართველი პარტიის პროპაგანდისტულმა მედიამაც ამოიღო.
16 მაისს, როდესაც პიტერ ფიშერი ბათუმში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებოდა, სახელისუფლებო არხმა „იმედმა“ სიუჟეტი გაუშვა, რომლის თანახმადაც, ელჩი „მითითებებს აძლევდა რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებს“.
მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატების მიზანში ამოღება „ქართული ოცნებისთვის“ სიახლეს არ წარმოადგენს, ეს პროცესი მმართველი პარტიის მთავარი იდეოლოგის, ზაზა შათირიშვილის ვრცელი წერილის შემდეგ, კიდევ უფრო გაძლიერდა. წერილში შათირიშვილმა მოუწოდა „ქართული ოცნების“ მთავრობას, შეეზღუდა საქართველოში დიპლომატიური მისიები და ისინი მუდმივი არეულობის გაღვივებაში დაადანაშაულა. შათირიშვილმა ხელისუფლებას საელჩოებისთვის პერსონალის კვოტების დაწესება და მათი საქმიანობის, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისა და ტრენინგების ორგანიზების შეზღუდვა შესთავაზა. მას შემდეგ, „ქართული ოცნების“ ლიდერები, განსაკუთრებით ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი, აქტიურად იყენებენ ვენის კონვენციას თავიანთ გზავნილებში და დიპლომატებს მათი უფლებებისა და საზღვრების შესახებ მიუთითებენ.
ასევე წაიკითხეთ: