„ქართული ოცნების“ მთავრობაში ცვლილებები გამოცხადდა

Civil Georgia 2 კვირის წინ 22
„ქართული ოცნების“ მთავრობაში ცვლილებები გამოცხადდა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2 აპრილს „ქართული ოცნების“ მთავრობაში ცვლილებები გამოაცხადა.

გრიგოლ ლილუშვილი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა, ახალ უწყებას – რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებს, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ამჟამინდელი სამინისტროსგან გამოიყოფა.

კობახიძემ განაცხადა, რომ ლილუაშვილის, როგორც სუს-ის ხელმძღვანელის ვადა ოქტომბერში იწურება. „მას [გრიგოლ ლილუაშვილს] აქვს რეგიონებთან მუშაობის გამორჩეული გამოცდილება. შესაბამისად, მისი მინისტრობა უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ეფექტიან საქმიანობას რეგიონული განვითარების ამოცანების შესრულებისას“, – განაცხადა კობახიძემ და ლილუაშვილს სუს-ში წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას ირაკლი ქარსელაძე განაგრძობს.

ანრი ოხანაშვილი, რომელიც ამჟამად იუსტიციის მინისტრია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უხელმძღვანელებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრობამდე ოხანაშვილი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

ოხანაშვილს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატი პაატა სალია შეცვლის. ეს უკანასკნელი სახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორია.

ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პრესსპიკერმა ნათია მეზვრიშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფაქტობრივად რეგიონული განვითარების სამინისტროს სახელით გააგრძელებს მუშაობას და მისი ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი მის რეალურ ხელმძღვანელად დარჩება. მეზვრიშვილის ვარაუდით, მმართველი პარტია მთავრობაში ცვლილებებს მომავალი ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში ახორციელებს, რომლის მიზანიც რეგიონებზე კონტროლის გამკაცრებაა.

მსგავსი შეფასება გააკეთა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა (2015-2016). მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რეგიონული განვითარების სამინისტროს საფარქვეშ ფაქტობრივად „არჩევნების სამინისტროს“ ქმნის. მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტია იმედოვნებს, რომ სუს-ის უფროსის ცვლილებას უცხოელებთან კარგად „გაყიდიან“. რაც შეეხება ოხანაშვილის იუსტიციის სამინისტროდან სუს-ში გადაყვანას, ხიდაშელმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ბიძინა ივანიშვილი სისტემას ირაკლი კობახიძეს აბარებს.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია