„ქართული ოცნების“ ლიდერები „დიფ სთეითის“ შეთქმულების შესახებ ნარატივს აძლიერებენ

Civil Georgia 1 თვე წინ 23
„ქართული ოცნების“ ლიდერები „დიფ სთეითის“ შეთქმულების შესახებ ნარატივს აძლიერებენ

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 13 მარტს ორ სხვადასხვა სახელისუფლებო არხზე, „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ზე , კვლავ „დიფ სთეითის“ შეთქმულების შესახებ ისაუბრეს. „ქართული ოცნების“ მიერ „დიფ სთეითისა“ და „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ გზავნილების გააქტიურება აშშ-საქართველოს ურთიერთობების ყველაზე დაბალ დონეზე დაცემისა და ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის ფონზე ხდება.

ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში

ცენტრალური აზიის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტების სერიის დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედს“ ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ სამშვიდობო ძალისხმევა და „დიფ სთეითის“ დასუსტება ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

„მშვიდობის დამყარება ჩვენს რეგიონში და „დიფ სთეითის“ დასუსტება პირდაპირ არის დაკავშირებული ერთმანეთთან“, – განაცხადა კობახიძემ. „ზუსტად იმდენად, რამდენადაც შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დასუსტებას, იმდენად სწრაფად დამყარდება მშვიდობა ჩვენს რეგიონში“.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები ევროპაში „უხეშად და პირდაპირ ეწინააღმდეგებიან მშვიდობის დამყარებას“.

კობახიძემ აღნიშნა, რომ „დიფ სთეითი“ ან „გლობალური ომის პარტია“ ძალიან ძლიერი ძალაა, რომლის მიმართაც, მისი თქმით, საქართველომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

„მათ აქვთ ძალიან სერიოზული რესურსები, მათ შორის ფინანსური, და უკრაინის ომის შემდეგ ეს ძალა კიდევ უფრო მეტად გამდიდრდა და გამდიდრდა ათეულობით მილიარდი დოლარით“, – განაცხადა კობახიძემ. „რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ბრძოლა იქნება საკმაოდ რთული „დიფ სთეითთან“, „გლობალურ ომის პარტიასთან”“.

„დიფ სთეითზე“ საუბრისას, კობახიძემ ხაზი გაავლო აშშ-სა და ევროკავშირს შორის და აღნიშნა, რომ პირველს უკეთესი პერსპექტივა აქვს მისი დამარცხებისთვის. რაც შეეხება ევროკავშირს, მისი თქმით, მხოლოდ ორ ქვეყანას – სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოკავშირეებს – უნგრეთსა და სლოვაკეთს – არ შეეხო „დიფ სთეითის“ გავლენა, ხოლო სხვები, სავარაუდოდ, ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებში, რომლებიც მმართველი პარტიის მწვავე კრიტიკოსები არიან, „გლობალური ომის პარტიის“ „სრული გავლენის“ ქვეშ იმყოფებიან. მან დასძინა, რომ „ბალტიისპირეთის ქვეყნები გასული არიან ყველანაირი წითელი ხაზის მიღმა“.

კობახიძემ გაიმეორა „ქართული ოცნების“ ბრალდებები დასავლეთის მიმართ და განაცხადა, რომ საქართველოზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ ქვეყანა ომში ჩაეთრიათ და რომ დასავლეთი ქვეყანაში „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობდა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ზეწოლის, შანტაჟისა და სხვადასხვა მოთხოვნების სამიზნე გახდა უკრაინის ომთან დაკავშირებით, რათა ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს შეერთებოდა და უკრაინაში ქართველი მოხალისე მებრძოლები გაეგზავნა.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის საშუალებად იქნა გამოყენებული. „კანდიდატის სტატუსს ჰქონდა კონკრეტული დატვირთვა გლობალური ომის პარტიისთვის, მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით, 2022 წელს, საქართველოსთვის არ უნდა მოენიჭებინათ სტატუსი და ეს უნდა გამოეყენებინათ რევოლუციის მოსაწყობად“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ქვეყანა ვერ იქნება მუდმივი ზეწოლის ქვეშ.

კობახიძე ასევე შეეხო „დიფ სთეითის“ შეთქმულებას არასამთავრობო ორგანიზაციების კონტექსტში და განაცხადა, რომ „ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ კონკრეტული დაფინანსების წყაროები გამოიყენებოდა ქვეყანაში ვითარების ასარევად და აქ საუბარია, ძირითადად, არსებითად NGO-ების დაფინანსებაზე“.

„იგივე ტენდენციებს ვხედავთ ჩვენ, როდესაც საქმე ეხება საქართველოში NGO-ების დაფინანსებას, რევოლუციური ინტერესების დაფინანსებას, აქაც ვხედავთ გარკვეული გადალაგების მცდელობას. ამას უნდა დავუპირისპიროთ ჩვენ, ბუნებრივია, გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, – განაცხადა კობახიძემ.

„დიფ სთეითს“ კიდევ ერთხელ შეეხო კობახიძე ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას. „დიფ სთეითი ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში დემოკრატიული სისტემა ვერ განვითარდება, ვიდრე ეს რადიკალიზმი არ დასრულდება და რადიკალური ოპოზიცია არ ჩანაცვლდება ჯანსაღი ოპოზიციით“, – აღნიშნა მან. „დიფ სთეითი დაგვეხმარა იმ ნაბიჯებით, რომელიც მოიაზრებდა ვა-ბანკზე წასვლას. ისინი წავიდნენ ვა-ბანკზე, მაქსიმალურად გაშიფრეს ყველა და ყველაფერი, სრული ლუსტრაცია განახორციელეს საკუთარი ხელით ყველა იმ რესურსის, რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც აგენტურა ჩვენს ქვეყანაში“.

მისი თქმით, საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორი წარუმატებელი მცდელობა იყო:  „ჯერ იყო პარტიების რევოლუციის მცდელობა, შემდეგ იყო „ჟურნალისტების“ რევოლუციის მცდელობა, შემდეგ იყო ენჯეოების რვოლუციის მცდელობა, ახლა არის მეოთხე, „არავის“ რევოლუციის მცდელობა, ანუ, არავინ არ აწყობს რევოლუციას, არსებობს ამორფული მასა რომელიც არის გამოსული. ეს ოთხივე მცდელობა ჩავარდა. შემდეგზე რას გააკეთებენ არ ვიცი, შეიძლება, პირდაპირ ელჩები გამოიყვანონ და ელჩების რევოლუციის მცდელობა იყოს მეხუთე“.

ელჩებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ახსენა, რომელსაც, როგორც მან აღნიშნა, ის პატივს სცემს, თუმცა „ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, იმიტომ, რომ მას დიფ სთეითი არ აძლევს საშუალებას, რომ ელჩად იმუშაოს ამ ქვეყანაში“. ის „რეალურად ჩართეს წინასაარჩევნო აგიტაციაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ“, – აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძემ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნაც გააკრიტიკა და განაცხადა: „ის არ ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რასაც უნდა ტოვებდეს სუვერენული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი“.

ინტერვიუში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „დიფ სთეითის აგენტი“ უწოდა.

შალვა პაპუაშვილი „რუსთავი 2“-ზე

„დიფ სთეითის“ შესახებ ანალოგიური განცხადებები „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთ სახელისუფლებო არხთან, „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში გააკეთა.

კობახიძის მსგავსად, პაპუაშვილმაც განაცხადა, რომ რასაც მმართველი პარტია წლების განმავლობაში ამბობდა ასეთ ძალებზე, შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ დაადასტურა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ნაკლებად შეუძლია, გავლენა მოახდინოს გლობალურ პროცესებზე და ერთადერთი, რასაც აკეთებს, საკუთარი თავისა და ხალხის დაცვაა.

პაპუაშვილმა გაიმეორა კობახიძის განცხადება, რომ „დიფ სთეითის“ ძალისხმევის ერთ-ერთი გამოვლინება საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევის მცდელობა იყო. მისი თქმით, ამის მიზანი რუსეთის იზოლაცია და დამარცხება იყო და არავის აინტერესებდა საქართველოს ბედი.

პაპუაშვილის თქმით, „დიფ სთეითის“ მიზანია საზღვარგარეთ „მარიონეტული მთავრობების“ შექმნაა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია