16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, ქართული ანალიტიკური ცენტრების და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი წერილი გაუგზავნეს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს კაია კალასსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, სადაც ევროკავშირს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე რეაგირებისკენ მოუწოდეს. წერილის ავტორები მოუწოდებენ ევროკავშირს არ ცნოს „ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობა“, სანქციების დაუწესოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსა და მმართველი პარტიის ლიდერებს, ასევე ქვეყანაში ბოლოდროინდელ სისასტიკეზე პასუხისმგებელ პოლიციელებს.
გარდა ამისა, წერილის ავტორები დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისკენ მოუწოდებენ, რაც მათი საერთაშორისო იზოლაციის მანიშნებელი იქნება. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის ზრდის აუცილებლობა, ვინაიდან სწორედ ისინი არიან გადამწყვეტი საყრდენები ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვაში.
„საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები წარმოადგენს სერიოზულ გადახვევას დემოკრატიული ნორმებიდან და ევროპული გზიდან, რომელსაც ქვეყანა დიდი ხანია მიყვება და რაც კონსტიტუციაში ქართველი ხალხის ფართო მხარდაჭერით დაფიქსირებულ მისწრაფებას წარმოადგენს“, – ნათქვამია წერილში.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს, მათ შორის 26 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებს, მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების უზურპაციას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ და უმაღლესი განათლების არმქონე ყოფილი ფეხბურთელის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას. ისინი აღნიშნავენ, რომ ამ მოვლენებმა მასობრივი პროტესტი გამოიწვია, რასაც მოჰყვა პოლიციის სასტიკი დარბევა, უკანონო დაკავებები და ფართომასშტაბიანი რეპრესიები. განცხადებაში ხაზგასმულია ქართველი მომიტინგეების ორი ძირითადი მოთხოვნა: ახალი არჩევნების ჩატარება საერთაშორისო ზედამხედველობისა და „დეპოლიტიზებული“ საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა პირის გათავისუფლება.
„ეს არის კრიტიკული მომენტი საქართველოსთვის და მისი ევროპული მისწრაფებისთვის“, – ხაზს უსვამენ ავტორები და მოუწოდებენ ევროკავშირს „მტკიცედ დადგეს საქართველოს ხალხის გვერდით და გადამწყვეტი ქმედებები განახორციელოს, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და მხარდაჭერა მათი ლეგიტიმური მოთხოვნების მიმართ“.
ორი დღით ადრე, 16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, Human Rights Watch-მა ასევე მოუწოდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს, დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვონ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე საქართველოს რეაგირებასთან დაკავშირებით და სანქციები დაუწესონ იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი.
წერილს ხელს აწერენ:
- სერგი კაპანაძე – საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი (GRASS);
- თორნიკე გორდაძე – Gnomon Wise კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი;
- ანა ხურციძე – პრეზიდენტი, Gnomon Wise კვლევითი ინსტიტუტი, ჟურნალი Geopolitics, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ხელმძღვანელი;
- თემური იაკობაშვილი – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) საბჭოს თავმჯდომარე;
- შოთა უტიაშვილი – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
- თორნიკე თურმანიძე – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
- ეკა მეტრეველი – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) დირექტორი;
- ეკა ტყეშელაშვილი – საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტი;
- თამარ კინწურაშვილი – მედიის განვითარების ფონდის დამფუძნებელი;
- გიორგი კანდელაკი – პროექტის მენეჯერი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB);
- ნინო ევგენიძე – ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელი დირექტორი;
- გიგი გიგიაძე – ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი (EPRC);
- უჩა ნანუაშვილი – დემოკრატიის კვლევის ცენტრის (DRC) დირექტორი;
- ზაზა ბიბილაშვილი – ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის თავმჯდომარე;
- დავით ჭიპაშვილი – მწვანე ალტერნატივის დირექტორი;
- ქეთი ვაშაკიძე – ევროპის ფონდის დირექტორი.
ასევე წაიკითხეთ: