ქართველ და უკრაინელ ხალხებს მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ, რომელსაც დიდი მოფრთხილება სჭირდება - „საზოგადოება ქართული“

Primetime.ge 2 თვის წინ 33
ქართველ და უკრაინელ ხალხებს მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ, რომელსაც დიდი მოფრთხილება სჭირდება - „საზოგადოება ქართული“
ქართველ და უკრაინელ ხალხებს მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ, რომელსაც დიდი მოფრთხილება სჭირდება, - აღნიშნულია „საზოგადოება ქართულის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.„რა სიმამაცე და გმირობა უნდა ჰქონოდა ერთ მუჭა ხალხს, რომ გადარჩენოდა ამდენ საშინელ ქარტეხილსა და უბედურებას. მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებდი ქართველი ვყოფილიყავი“, - ეს სიტყვები დიდ უკრაინელ პოეტს ლესია უკრაინკას ეკუთვნის, რომლის აღდგენილი სახლ-მუზეუმი მალე გაიხსნება. მას უყვარდა საქართველო, ქვეყანა, რომელმაც მიიღო და თავი მეორე სამშობლოში აგრძნობინა. ისევე, როგორც დიდ ქართველ პოეტს, დავით გურამიშვილს სამშობლოდან შორს ყოფნისას ნუგეში და გადარჩენა მისცა უკრაინამ.ჩვენ დღემდე გვტკივა და ვგლოვობთ მეორე მსოფლიო ომში უკრაინის გასათავისუფლებლად დაღუპულ ჩვენს თანამემამულეებს. მხოლოდ ქერჩთან, გმირულად დაიღუპა 120 000 ქართველ მეომარი. ვმადლობთ იმ უკრაინელებს, რომლებიც აფხაზეთში ჩვენს გვერდით ებრძოდნენ ოკუპანტს და პატივს მივაგებთ უკრაინაში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველებს, რომელთაგანაც 50-ზე მეტი უკვე შეეწირა უკრაინისთვის ომს.ეს ისტორიაცაა და დღევანდელობაც. მაგრამ ახლა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში რთული პერიოდია და უკრაინის ხელისუფლებების მცდელობებით წარმოქმნილი პრობლემები, მხოლოდ ჩვენი ორი ხალხის საზოგადოებების მტკიცე პოზიციამ შეიძლება აღმოფხვრას. ამიტომ გადავწყვიტეთ, თქვენთვის, უკრაინელი საზოგადოებისთვის მოგვემართა და ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილის წუხილი გადმოგვეცა:გასულ კვირას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაგმო და დაუშვებლად მიიჩნია ჩვენთან პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების თემატიკის გამოყენება.ქართველი საზოგადოება და სახელმწიფო ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს უკრაინის სამართლიან ომს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, მაგრამ, ცოტა არ იყოს, გაუგებარია ეს მოწოდება. ჩვენს ხელისუფლებას ხომ იუმორისა და ქილიკის საგნად არ გაუხდიათ უკრაინელების თავდადება, როგორც ეს თქვენმა დღევანდელმა პრეზიდენტმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გააკეთა და რისთვისაც აქამდე ბოდიში არ მოუხდია. ჩვენი მთავრობა კი ამ მაგალითს იყენებს იმისთვის, რათა აჩვენოს უკრაინაში რუსეთის მხრიდან ამ უსამართლო ომის საშინელება და გაუადვილოს ქართველ ხალხს სწორი არჩევანის გაკეთება მშვიდობისთვის.ასევე გაუგებარია, რისი თქმა უნდოდა საგარეო სამინისტროს, როცა აღნიშნავს, რომ „ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი, ასევე, საქართველოში მშვიდობის ფასია“.არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ, ფაქტია, ეს ორივე ნარატივი საქართველოში სწორედ იმ ხალხმა აიტაცა, ვინც საქართველოს დღემდე დამღუპველი მეორე ფრონტისკენ ექაჩება. პოლიტიკოსებმა, ვინც არაერთგზის განაცხადეს, რომ საქართველოში მშვიდობას ამჯობინებენ რაკეტების ცეცხლს და ომს.ჩვენ, როგორც ქართველი საზოგადოების წარმომადგენლებმა, უკრაინელ მეგობრებს გვინდა ავუხსნათ, თუ რეალურად რა დგას ასეთი განცხადებების უკან და რამ შეიყვანა ჩიხში ქართული-უკრაინული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები.თითქმის სამი წელია, უკრაინაში მიმდინარე სისხლისმღვრელ ომს შეეწირა ათასობით მებრძოლი, მშვიდობიანი მოქალაქე, ბავშვები, განადგურებულია ქალაქები და სოფლები, მილიონობით ადამიანი გახდა დევნილი. რუსული ოკუპაციითა და სისასტიკით გამოწვეული ეს ტკივილი, გვერწმუნეთ, ისე არავის ესმის, როგორც ქართველ ხალხს, რომელმაც ბოლო 30 წელია, სამი სრულმასშტაბიანი ომი გადაიტანა რუსეთთან, ოკუპირებულია ჩვენი ძირძველი ისტორიული მიწების 20 და იძულებით გადაადგილებულია მოსახლეობის 10 პროცენტი. ამიტომაც, ქართველებმა კარგად ვიცით, როგორც მშვიდობის, ისე ომის ფასი.სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლება, ქართველი ხალხის სისხლით მოპოვებული მშვიდობის შენარჩუნების სურვილს ხშირ შემთხვევაში მიუღებელი ინტერპრეტაციით ფუთავს და არამეგობრულ ნაბიჯებს დგამს.ქართველებს არასოდეს დაგვცდენია სამდურავი უკრაინელების მიმართ, ის თქვენს პოლიტიკურ ელიტას ეკუთვნის, რომელმაც თავშესაფარი მისცა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების გაქცეულ მაღალჩინოსნებს. წარმოიდგინეთ, რომ უკრაინელთა მიერ არჩევნების გზით ჩამოცილებული და დანაშაულში მხილებული ჩინოვნიკები საქართველოში მიგვეღო და აქაური სამთავრობო თანამდებობები ჩამოგვერიგებინა. უკრაინის ხელისუფლებებმა კი სასამართლოს მიერ დანაშაულებში მხილებული პირები გამომწვევად შეიფარეს და უმეტესობას წამყვანი თანამდებობები უბოძეს. დიპლომატიური ეტიკეტით ეს არამეგობრული ნაბიჯებია და აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც პოლიტიკურ სიმპათიებს ან ინტერპრეტაციებს სამართლიანობაზე. უბრალოდ, მეგობრები ასე არ იქცევიან.საქართველოს მაშინაც კი არ დაუყენებია ეჭვქვეშ პარტნიორული ურთიერთობები და ხალხებს შორის მეგობრობა, როცა, უკრაინელი ჩინოვნიკების ხელშეწყობით, ყოფილი პრეზიდენტი და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არეულობის მოსაწყობად და სისხლიანი რევანშისათვის 2021 წელს, არჩევნების წინ, საქართველოში შემოაპარეს.ჩვენთვის ასევე განსაკუთრებულად მტკივნეული იყო რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ჩვენი ქვეყნიდან ელჩის გაწვევა ,,მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“. ეს მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის გარდა, ინდივიდუალური ეკონომიკური სანქციები რუსეთს არ დაუწესა მოლდოვამ, აზერბაიჯანმა, თურქეთმა, ისრაელმა. არადა ელჩი რატომღაც მხოლოდ საქართველოდან გაიწვიეს.ყველაზე პარადოქსული კი ის იყო, რომ უკრაინას ელჩი არ გაუწვევია ბელარუსიდან, საიდანაც უკრაინაზე რუსეთის პირველი თავდასხმა განხორციელდა.ამ გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინის პოლიტიკური ისტებლიშმენტის მხრიდან დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ღია და ორგანიზებული შეტევა, მოწოდებები ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ძალისმიერი გზით დაბრუნების თაობაზე; სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებაზე; ვიზიტები დასავლეთში საქართველოს ხელისუფლების, მმართველი პარტიის დამფუძნებლის და მთავრობის წევრების სანქცირების თხოვნით.ასევე თვალშისაცემი იყო, მათი აქტივობის და ქართული ოპოზიციის დღის წესრიგის თანხვედრა და სინქრონული მოქმედება. ომში მყოფი ქვეყნის პარლამენტის წევრები თუ მაღალი თანამდებობის პირები - დანილოვი, არესტოვიჩი, პოდოლიაკი, გონჩარენკო, ერმაკი და უაქცენტო რუსულით მოლაპარაკე დავით არახამია, გამუდმებით ადანაშაულებდნენ საქართველოს ხელისუფლებას სამშვიდობო პოლიტიკის გამო და პრორუსულად ნათლავდნენ. მთელ ამ კამპანიას კი ნათელი უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა მოჰფინა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი ღიად გამოხატა: ,,თუ დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარებოდა, - მათ [რუსებს] სხვა საქმეებიც გამოუჩნდებოდათ გარდა იმისა, რომ გაანადგურონ ჩვენი ქალაქები და სოფლები, დახოცონ ჩვენი ბავშვები და ქალები“.საქართველოს ხელისუფლება როდესაც მეორე ფრონტზე საუბრობს, მხოლოდ უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებებს არ ეყრდნობა. ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ ცხელ წერტილად ქცევის სურვილი იყო და რჩება მსოფლიოში ომის პარტიად აღიარებული გავლენიანი ძალების მიზნად, იმის მიუხედავად, რა შედეგი მოჰყვება ოკუპირებულ ქვეყანაში რუსეთის მორიგ სამხედრო აგრესიას. ჩვენ ვართ პატარა, სამმილიონიანი ქვეყანა, ბევრად ნაკლები, ვიდრე უკრაინის რომელიმე ერთი დიდი ქალაქია და ვერ გავუძლებთ ახალ ომს პირობებში, როცა რუსული ჯარები დედაქალაქიდან 35 კილომეტრში დგანან და უკრაინის მსგავსად, არც ჩვენთვის მოუწოდებიათ ჩვენს დასავლელ მეგობრებს საჭირო რაოდენობისა და სიმძლავრის საჰაერო თუ სხვა სახის თავდაცვის საშუალებები.საქართველომ, სამი გადახდილი ომიდან, სხვა მწარე გამოცდილებაც მიიღო. ამ 30 წელიწადში, პატარა ქვეყანა სრულიად მარტო აღმოჩნდა ასჯერ უფრო დიდი აგრესორის წინაშე. ახლაც და მაშინაც, ნატოს უსაფრთხოების ქოლგის გარეშე მყოფი საქართველო ბედის ანაბარა დარჩა. 2008 წელს იგი არავის დაუცავს არც იარაღით, არც ოკუპანტისთვის დაუწესებია რომელიმე ქვეყანას სანქციები, მათ შორის არც თქვენს სამშობლოს, ჩვენთვისაც ძალიან ძვირფას უკრაინას.საქართველოს საზოგადოებას და ხელისუფლებას, მიუხედავად უკრაინის მთავრობების არამეგობრული ნაბიჯებისა, არასდროს უღალატია მეგობარი ქვეყნისთვის. საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად შეუერთდა 600-ზე მეტ რეზოლუციას თუ განცხადებას საერთაშორისო არენაზე და ყველა უცხოური ინსტიტუტის აღიარებით, ზედმიწევნით იცავს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საქართველო უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების კუთხითაც ლიდერებს შორისაა და ხაზგასასმელია ისიც, რომ ამ დახმარების უდიდესი ნაწილი ქართულმა საზოგადოებამ შეაგროვა. საქართველო ეხმარება ომით დაზარალებულ 26 000-მდე უკრაინელს, რომლებიც ამჟამად ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ. ქვეყნის განათლების სისტემამ მიიღო 2 300-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომელთა უმრავლესობა საშუალო განათლებას უკრაინულ ენაზე და პროგრამით იღებს.ქართველები არ ვითვლით მეგობრების გაწეულ დახმარებას, ამას მხოლოდ თქვენს მთავრობას ვახსენებთ, რომელიც ახლაც ცდილობს, ჩაერიოს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლებაში ისეთი ძალების მოსვლას, რომლებიც მზად არიან მეორე ფრონტის გასახსნელად.მთავრობები და პოლიტიკოსები დღეს არიან და ხვალ არ იქნებიან, არც დღევანდელი ლოკალური სახელმწიფო მიზნებია სამუდამო, არც ეს ომი გაგრძელდება უსასრულოდ. მარადიული ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობაა, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და არ უნდა მივცეთ პოლიტიკურ ძალებს საშუალება, ისეთი ნაჭრილობევი დატოვონ ურთიერთობებში, რომელთა დავიწყებას თაობები დასჭირდება.ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის და იმედი გვაქვს, რომ უკრაინელი საზოგადოებაც, რომელსაც დღეს მძიმე განსაცდელის გავლა უწევს, სათანადო პასუხს გასცემს ჩვენს ხალხებს შორის უნდობლობის დათესვის მცდელობებს. მშვიდობა, გამარჯვებები და კეთილდღეობა ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს!“ - აღნიშნულია განცხადებაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია