
არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ევროკავშირის მხრიდან უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურის გამარტივებასთან დაკავშირებით საუბრობს და ამტკიცებს, რომ არ არის გამორიცხული, ყოველგვარი კონკრეტული არგუმენტის გარეშე ვიზალიბერალიზაცია საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის სახით გამოიყენონ.
“არ არის გამორიცხული, რომ ყოველგვარი კონკრეტული არგუმენტის გარეშე ვიზალიბერალიზაცია საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის სახით გამოიყენონ. არ გამოვრიცხავ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ეს მექანიზმი აამოქმედონ.
დაინახეს, რომ არჩევნების წინ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრების გამოგზავნა კონტრპროდუქტიულია, ამიტომ იქნებ ამ მეთოდსაც მიმართონ. ეს ერთ-ერთი ბოლო იარაღია, რაც ხელში უჭირავთ და განსასაზღვრი აქვთ, რომ ამ ბოლო იარაღის გამოყენებითაც თუ ვერ მოახდენენ ქვეყანაში რევოლუციას, შემდეგ საერთოდ კარგავენ ზემოქმედების ბერკეტს, ხალხისთვის ნათელი გახდება, რომ თურმე რაც ჩვენ გვეგონა, რომ კეთილშობილი, პატიოსანი, ღია პროცესია, სინამდვილეში პოლიტიკური შანტაჟის მექანიზმად არის გამოყენებულიო.
ეს საფრთხე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მათაც უდგათ. ამიტომ ვიდრე რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ, კარგად ასაწონ-დასაწონია, საბოლოო ჯამში, გაწირავენ თუ არა ევროკავშირის ინტერესებს მოკლევადიანი პოლიტიკური არაკეთილსინდისიერი მიზნების მისაღწევად“, – თქვა არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.
ევროკავშირი წლის ბოლოს ეცდება, უფრო იოლი გახადოს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად სარგებლობენ ამ პრივილეგიით. მათ შორის არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს “ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების” ან “საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების სერიოზული დარღვევის” შემთხვევაში, მათ შორის, ადამიანის უფლებათა კანონმდებლობის და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო.
ევროპულმა სტრუქტურებმა აღნიშნულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით გასულ კვირას პირველი შეხვედრა გამართეს. ევროპარლამენტის, ევროპული კომისიის და ევროპული საბჭოს მიზანია, შეთანხმებას მიაღწიონ იქამდე, სანამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი იქნება – ივნისამდე.
შეთანხმების შემთხვევაში, ახალი კანონმდებლობა შემოდგომის დასაწყისშივე ამოქმედდება.