
ფქვილზე საიმპორტო გადასახადი ერთი თვით, 2025 წლის 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ BM.GE-სთან მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ ისაუბრა.
მისივე განმარტებით, ფქვილზე საიმპორტო გადასახადის გადავადება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ხელს შეუწყობს წისქვილ-კომბინატების მუშაობის გაგრძელებას. შესაბამისად, ქართველი მეხორბლეები კვლავ უპრობლემოდ შეძლებენ ხორბლის ჩაბარებას.
უფრო კონკრეტულად, 28 თებერვლის დადგენილების მიხედვით, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, იმპორტიორს მოუწევს ყოველ კილოგრამზე 0.30 ლარი, ანუ ტონაზე 300 ლარი. მაშინ, როცა აქამდე საფასური 1კგ-ზე 0.25 ლარი იყო, ანუ ტონაზე 250 ლარი. დაკორექტირდა გადასახადი ქერსა და ქატოზეც და გაორმაგდა 10 თეთრის ნაცვლად, კილოგრამზე 20 თეთრი გახდა და 100 ლარის ნაცვლად, ორასი ლარი იქნება.
“ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან ის ხელს უწყობს წისქვილ-კომბინატების მუშაობის გაგრძელებას და შესაბამისად, შეფერხება არ იქნება. თვითონ, ქართველი მეხორბლეები ხორბალს წისქვილ-კომბინატებში უპრობლემოდ ჩააბარებენ, შესაბამისად, ეს არის ის ტენდენცია, რომელსაც ჩვენ წელიწად-ნახევარია ვაკვირდებით და აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ბაზარი სტაბილურია როგორც ფქვილში, ასევე პურში. ფქვილზე საიმპორტო გადასახადი გაგრძელდება, ხელს უწყობს გარკვეულ სტაბილურობას.
ჩვენ შევხედავთ შემდეგ და პარამეტრების მიხედვით გადავწყვეტთ როგორი გაგრძელება შეიძლება იყოს. იმიტომ, რომ რუსული მხარის მხრიდან პარამეტრები ხშირად იცვლება და ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ქართული მხარის კუთხით”, – ამბობს სილაგავა.
მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას ადგილობრივი ხორბლის მოსავლის პროგნოზისგან თავს იკავებს, რადგან წინ მარტის თვეა, რომელმაც მოსავალს ამინდით ხელი უნდა შეუწყოს. ვინაიდან ნალექი ხორბლის მოსავლისთვის კარგია. თუმცა, საერთო ჯამში ივარაუდება, რომ საკმაოდ ნორმალური მოსავალი იქნება.