4 მაისს, საქართველოში „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ზედიზედ 158-ე დღეს, დემონსტრანტებმა თბილისის გარეუბნებში მსვლელობა მოაწყვეს. „ერი მოითხოვს გადადგომას!“ „ჩვენ აღარ ვენდობით პოლიციის ფორმას“ – სკანდირებდნენ ისინი.
„ერთობის მარში“, რომელსაც საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრები უძღვებოდნენ და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული, თბილისის ისნის მეტროსადგურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ გაემართა, რომელსაც მომიტინგეები „შავ საქმეთა სამინისტროდ“ მოიხსენიებდნენ. მომიტინგეებს ხელში ეკავათ ნაცემი აქტივისტების, ასევე პოლიციის მაღალჩინოსნებისა და მომიტინგების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული პოლიციელების ფოტოები, რითიც სამინისტროს მიერ სისტემურ დარღვევებზე მიუთითებდნენ.
შსს-ს შენობასთან გაჩერების შემდეგ, მომიტინგეები ვარკეთილის მეტროსადგურისკენ დაიძრნენ და პროტესტი მეტროს მატარებლებში გადაიტანეს. შემდეგ ისინი რუსთველის გამზირზე ამოვიდნენ და კვლავ გადაკეტეს ქუჩა პარლამენტის წინ.
მსვლელობამ ბევრი მაცხოვრებლის ცნობისმოყვარეობა გამოიწვია – მოქალაქეები ფანჯრებიდან და აივნებიდან ადევნებდნენ თვალს მოვლენებს. ბევრმა მათგანმა აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუხატა და სახელმწიფო დროშები გადმოფინა.
ასევე წაიკითხეთ:
- 20/04/2025 – აქციის მონაწილეები აღდგომას ერთად აღნიშნავენ
- 09/04/2025 – ფოტოამბავი | მოქალაქეები 9 აპრილის გმირებს პატივს მიაგებენ
- 01/04/2025 – ფოტოამბავი | დადგა ხალხის გაზაფხული