უფლებადამცველები: პაპუაშვილი მედიის დაშინებას და მის მიმართ მუქარას ცდილობს

Civil Georgia 2 თვის წინ 31
უფლებადამცველები: პაპუაშვილი მედიის დაშინებას და მის მიმართ მუქარას ცდილობს

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქართული ონლაინ მედიასაშუალება „პუბლიკა“ 2 თებერვალს დაგეგმილი საპროტესტო აქციის ორგანიზატორების განცხადების გაზიარებით უკანონო საქმიანობის ხელშეწყობაში დაადანაშაულა და ამავდროულად ევროკავშირს შეუტია, რომელიც გამოცემის დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა. „პუბლიკამ“ უპასუხა, რომ ის თავის ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებს. რამდენიმე სსო-მ დაგმო პაპუაშვილის განცხადება, როგორც თავდასხმა პრესის თავისუფლებაზე და განაცხადა, რომ ის ცდილობს დააშინოს და დაემუქროს მედიას და ჟურნალისტების მიმართ მტრობასა და ძალადობას ახალისებს. 2 თებერვალს დაგეგმილ პრო-ევროპულ აქციაზე თბილისში შემოსასვლელი საავტომობილო გზის გადაკეტვა იგეგმებოდა.

1 თებერვალს გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში პაპუაშვილი წერს, რომ ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია და „პუბლიკა“ „რეკლამირებას უწევს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას“. მან ასევე აღნიშნა, რომ პუბლიკა ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციაა“ და შესაბამისად, „ევროკავშირის საელჩო, როგორც დამფინანსებლის წარმომადგენელი, პასუხისმგებელია წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგებზე“.

ორი დღის წინ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ 31 იანვარს გამოქვეყნებულ ახალ დადგენილებაში სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ ​​დაამატა.

„პუბლიკამ“ პაპუაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომ გამოცემა „ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ“. გამოცემის, თქმით, მან მანამდე გააშუქა ბრძანება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო მნიშვნელობის გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შევიდა და „საზოგადოებას განუმარტა, რომ მისი ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია“. ასევე გაშუქდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციული განცხადება დაანონსებულ აქციაზე.

„შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას, რაც დასტურდება მის პოსტზე კომენტარებით. პაპუაშვილის ამ განცხადებას ,,პუბლიკის” თანამშრომლები აღვიქვამთ მუქარად“, – ნათქვამია გამოცემის განცხადებაში.

პაპუაშვილის ბრალდებების საპასუხოდ, სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე  ორგანიზაციამ დაგმო მისი განცხადება, როგორც მედიის თავისუფლებაზე თავდასხმა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ პაპუაშვილის პოსტი „ფეისბუქში“ „აშკარა მცდელობაა მედიის მიმართ ზეწოლისა და მუქარის. განსაკუთრებით მიუღებელია მისი მხრიდან კრიტიკული მედიის საქმიანობის შინაარსში ჩარევა. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მმართველი პარტია მედიის მიერ პროტესტის გაშუქებას დანაშაულის რეკლამირებად აღიქვამს, რაც თავისუფალი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს სრულად ეწინააღმდეგება“. ორგანიზაციამ სოლიდარობა გამოუცხადა „პუბლიკას“ და დასძინა: „ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, მათი დაცვისთვის გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი“.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ასევე გააკრიტიკა პაპუაშვილი და შეახსენა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია და რომ მედიის პროფესიული მოვალეობაა მიუკერძოებლად გააშუქონ ქვეყანაში მიმდინარე ყველა მოვლენა.

„მედიის პასუხისმგებლობის დაყენება მოვლენის გაშუქების გამო მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის უხეშ მცდელობას წარმოადგენს. შალვა პაპუაშვილმა თავისი პოსტით მიზანმიმართულად გააღვივა სიძულვილი დამოუკიდებელი ონლაინ მედიის მიმართ“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. მან ასევე მოუწოდა პაპუაშვილს პატიცი სცეას პრესის თავისუფლებას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებითაა გამყარებული და „ხელი აიღოს დამოუკიდებელი მედიის დევნასა და შევიწროებაზე“.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია