უფასო სასადილოების ბენეფიციარებს უქმე დღეებში საკვების გარეშე ტოვებენ – “ფლანგვის დეტექტორი”

News.ge 1 დღე წინ 2
უფასო სასადილოების ბენეფიციარებს უქმე დღეებში საკვების გარეშე ტოვებენ – “ფლანგვის დეტექტორი”

ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ნაწილმა უკვე გამოაცხადეს ტენდერები უფასო სასადილოების ბენეფიციარებისათვის საკვების მიწოდების უზრუნველსაყოფად.
ფლანგვის დეტექტორი ადრეც აქტიურად წერდა უფასო სასადილოების პროგრამის ნაკლოვანებებზე, მათ შორის ერთიანი პოლიტიკის არარსებობაზე, უხარისხო საკვებსა თუ შესყიდვებში უკონკურენტოდ გამარჯვებულ კომპანიებზე, რომლებიც წარსულში დაჯარიმებულიც კი იყვნენ. თუმცა ამჯერად არა უხარისხო ან დაუბალანსებელი რაციონის შესახებ, არამედ საკვებს გარეშე დარჩენილ ადამიანებზე მოგითხრობთ.
როგორც გამოცხადებული და მიმდინარე ტენდერებიდან ირკვევა, საქართველოში 3 მუნიციპალიტეტი 2025 წლის განმავლობაში უფასო სასადილოს ბენეფიციარების გამოკვებას
ყოველდღიურად არ აპირებს. ასეთი აღმოჩნდა, კასპის, ცაგერისა და ჭიათურის მერიები.
კასპი:
კასპის მერიამ შესყიდვა 2024 წლის 22 ნოემბერს გამოაცხადა. როგორც შესყიდვის დოკუმენტებიდან ირკვევა, 2025 წელს 80 უმწეო მოქალაქის გამოკვებას მერია 177,400 ლარად გეგმავს. გამოდის, თითოეული ბენეფიციარის გამოსაკვებად დღიური დანახარჯი 6 ლარს შეადგენს. თუმცა კასპის მერია 177,400 ლარს არა 365 დღეზე ანაწილებს, არამედ კვირა დღეების გამოკლებით – 313 დღეზე. შესაბამისად, დღიურად ბენეფიციარის გამოსაკვებად 7 ლარი დაიხარჯება და მე-7 დღეს ბენეფიციარებს საკვებისაგან დაასვენებენ.
საინტერესოა კვირის განმავლობაში მენიუს განაწილებაც: საკვების ენერგეტიკული ღირებულება შაბათს მცირდება, სამუშაო დღეებთან შედარებით, კვირას კი საერთოდ ნულს უტოლდება.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელი ჯამში 52 კვირა დღეს მოიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კასპის მერიას ბენეფიციარების კვირას ბენეფიციარების გამოკვების შემთხვევაში, სულ 29,120 ლარის დამატება მოუწევდა.
მაგალითად, 10,000 ლარით მეტი – 39,980 ლარი დაუჯდა კასპის მერიას 1-დღიანი ზეიმი, რათა კასპობა 2024 აღენიშნა. ამ თანხით მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნებოდა 80 ბენეფიციარის კვირა დღით გამოკვება.
ცაგერი:
2025 წელს 96 ბენეფიციარის გამოკვებაზე ცაგერის მერია 160,648 ლარის დახარჯვას გეგმავს. ეს დღეში 4.5 ლარია, თუმცა ამ შემთხვევაშიც არა 365 დღეზე უნდა გავყოთ ჯამური თანხა, არამედ 260-ზე, რადგან განსხვავებით კასპის მერიისგან, ცაგერის მერიამ გადაწყვიტა, მხოლოდ სამუშაო დღეებში გამოკვებოს მოსახლეობა, შაბათ-კვირას კი დაასვენოს. შესაბამისად, 1 ბენეფიციარის გამოკვებაზე დღიურად ცაგერის მერია 6.4 ლარს ხარჯავს.
განსხვავებით კასპის მერიისაგან, ცაგერის მერიას ყოველდღიური საკვების კვებითი ღირებულების დათვლაზე როგორც ჩანს ბევრი არ უფიქრია, რადგან მსგავსი მაჩვენებლები სატენდერო დოკუმენტებში არ გვხვდება.
თუ ცაგერის მერია მშიერი მოსახლეობის გამოკვებას შაბათ-კვირასაც გადაწყვეტდა, ეს წლის მანძილზე დამატებით 64,512 ლარი დაუჯდებოდა.
ცაგერის მუნიცპალიტეტში შიმშილობის ზღვარზე მყოფი 96 ადამიანია, რომელთა გამოკვების ფული არ მოიძებნება, თუმცა მუდმივად იზრდება ცაგერის საკრებულოსა თუ მერიაში დასაქმებულ პირების შრომის ანაზღაურება. მაგალითად, მერიაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხები ბოლო 3 წლის განმავლობაში ასე გამოიყურება:
· 2020 წელი – 1,365,300
· 2023 წელი – 1,674,200
· 2024 წელი – 1,860,000
მერიამ მოახერხა, 3 წლის განმავლობაში 494,700 ლარით გაეზარდა შრომის ანაზრაურება, თუმცა წლებია, არ გაუზრდია თანხები ყველაზე ღარიბი მოსახლეობის შაბათ-კვირას კვებით უზრუნველყოფისთვის.
ჭიათურა:
264,130 ლარად გეგმავს 180 ბენეფიციარის გამოკვებას ჭიათურის მერია. მსგავსად კასპის მერიისა, ჭიათურის მერიაც მშიერი მოსახლეობის გამოკვებას კვირაში 6 დღე აპირებს, ხოლო კვირა – უქმე დღეა. შესაბამისად, 1 ბენეფიციარის დღიურ კვებაზე გამოყოფილია 4.6 ლარი. ყოველდღიური მენიუს გარდა ჭიათურის მერიას სადღესასწაულო მენიუც აქვს და წლის განმავლობაში 4-ჯერ (8 მარტი, აღდგომა, 28 აგვისტო, 31 დეკემბერი) ბენეფიციარებს განსხვავებულ მენიუს სთავაზობს. თუმცა, მსგავსად ცაგერისა, ჭიათურის მერიის მენიუშიც არ არის მითითება საკვების ენერგეტიკული ღირებულების შესახებ.
დასკვნა:
უფასო სასადილოების პროგრამას უამრავი ნაკლოვანება აქვს, მათ შორის დაუბალანსებელი მენიუ და კალორიული სტანდარტების არ-არსებობა. აგრეთვე, წლების განმავლობაში უცვლელი მენიუ, სპეციალური საჭიროებების გაუთვალისწინებლობა, როგორიც არის ბენეფიციარის ასაკი, ჯანმრთელობა, რელიგიური მრწამსი და სხვა ბევრი საკითხი, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია მენიუს განსასაზღვრად. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არსებობს მუნიციპალიტეტები, სადაც მენიუ მეორეხარისხოვანი პრობლემაა, რადგან კონკრეტულ დღეებში ის უბრალოდ საერთოდ არ არსებობს.
კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო სოციალური სახელმწიფოა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტით დაცულია ცხოვრების სათანადო დონის უფლება, რომელიც მათ შორის მოიცავს სათანადო კვების უფლებასაც.
შესაბამისად, ცხადია მუნიციპალიტეტების ამგვარი ქმედება, რა დროსაც ყველაზე ღარიბი და მშიერი მოქალაქეების კვების უზრუნველყოფაზე დასვენების დღეებში უარს ამბობენ, სოციალური სახელმწიფო პრინციპს ეწინააღმდეგება.
წყარო:
· ტენდერი – კასპის მუნიციპალიტეტი – NAT240022856
· ტენდერი-ჭათურის მუნიციპალიტეტი – NAT230025444
· ტენდერი – ცაგერის მუნიციპალიტეტი – NAT240022810
flangva.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია