
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფიზიკურ პირებსა და ბიზნესზე გადასახადების მნიშვნელოვან შემცირებას აპირებს, რა მიზნითაც კონგრესში “რესპუბლიკელებთან” იმუშავებს.
ინფორმაციას Reuters პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ საგრძნობლად შევამცირებთ გადასახადებს ოჯახებისთვის, მუშაკებისთვის და ბიზნესისთვის. კერძოდ, წვრილმან გასამრჯელოზე გადასახადს გავაუქმებთ და იმედია, გადასახადები სოციალური უზრუნველყოფასა და ზეგანაკვეთურ სამუშაოებზეც გაუქმდება,” – აცხადებს ტრამპი.
მისი თქმით, გეგმა, ასევე, მოიცავს გადასახადების შემცირებას ნავთობისა და გაზის შიდა მწარმოებლებისთვის, ხოლო კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ, ახალი ქარხნების აშენებისა და კაპიტალური ინვესტიციების ხარჯის 100% ჩამოწერონ.
„თუ თქვენ იყიდით ისეთ რამეს, რაც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ მოგცემთ უფლებას, ეს ხარჯი ჩამოწეროთ,“ – ამბობს ტრამპი.
ცნობისთვის: 21 იანვარს, ინაუგურაციიდან მეორე დღესვე დონალდ ტრამპმა აშშ გლობალური კორპორაციული გადასახადის შეთანხმებიდან გამოიყვანა, რომელიც 2021 წელს ბაიდენის ადმინისტრაციამ, თითქმის, 140 ქვეყანასთან გააფორმა. კერძოდ, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა 15%-იანი გლობალური მინიმალური კორპორაციული გადასახადი დაამტკიცეს, თუმცა აშშ-ის კონგრესმა ამ შეთანხმების შესასრულებლად ზომები საბოლოოდ ვერ მიიღო. აშშ-ში 10%-იანი გლობალური მინიმალური გადასახადი მოქმედებს, რომელიც 2017 წელს იმავე დონალდ ტრამპის საგადასახადო რეფორმის ფარგლებში იქნა შემოღებული და “რესპუბლიკელების” მიერ დამტკიცებული. თუმცა ქვეყნებს, რომლებმაც 15%-იანი მინიმალური გადასახადი მიიღეს, უფლება ეძლევათ, უფრო დაბალი განაკვეთის გადამხდელ ამერიკულ კომპანიებს დამატებითი გადასახადი დაუწესონ. ტრამპის იანვრის მემორანდუმი ასეთ ქმედებებს “რეპრესიულ ზომებს” უწოდებს.