სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა

Civil Georgia 1 თვე წინ 11
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს  „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მიზნად ისახავს სასამართლოსთვის სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას, მასთან ერთად, განსახილველი საქმის არსებითი სამართლებრივი საკითხების შესახებ ობიექტური, აკადემიური და თეორიული განმარტებების მიწოდებას.

პატიმრობაში მყოფ ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას 12 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსზე ირაკლი დგებუაძეზე სავარაუდო თავდასხმა ედება ბრალად. თუმცა, თავდაპირველად იგი ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავეს პლაკატის გაკვრისთვის, რომელიც საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებდა.

მეგობრის მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან ირაკლი დგებუაძის მიმართ განხორციელებული ქმედება უნდა შეფასდეს „იმ ფაქტობრივ კონტექსტში, რაც მას წინ უძღოდა“.

მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სათანადოდ შეაფასოს, იყო თუ არა მზია ამაღლობელის ქმედება პოლიციის უკანონო ქმედებით პროვოცირებული, ნათქვამია მოსაზრებაში.

მოსაზრება ასევე აანალიზებს 353-ე პრიმა მუხლს და აცხადებს, რომ ქმედების ამ მუხლით დაკვალიფიცირებისთვის მნიშვნელოვანია სახეზე იყოს: 1. თავდასხმა – როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი, აგრესიული აქტი; 2. თავდასხმის განხორციელება პირდაპირი განზრახვით; 3. თავდასხმის მიზანი დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან. „მზია ამაღლობელის შემთხვევაში კი აშკარაა, რომ არც ერთი ეს მაკვალიფიცირებელი ნიშანი არ გვაქვს სახეზე“, – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი და დასძენს, რომ ამაღლობელის ქმედებაში „ძალიან თვალსაჩინოა, რომ პოლიციელზე თავდასხმად განსახილველი ქმედების კვალიფიკაცია დაუსაბუთებელი ჩანს“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასევე აღნიშნავს, რომ ამაღლობელის ქმედებები არ უნდა იყოს კლასიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობასა და ფიზიკური ტკივილის გამოწვევას ეხება, ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულება, რომ პოლიციელმა ძლიერი ტკივილი განიცადა. მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ მცირე მნიშვნელობის მქონე ქმედებებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს.

ორგანიზაცია მზია ამაღლობელის საქმეში მნიშვნელოვან პროცედურულ გამოწვევებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ დაცვის მხარის თითქმის ყველა მტკიცებულება დაუშვებლად ცნო, მაშინ როდესაც პროკურატურის ყველა შუამდგომლობა მტკიცებულებების დასაშვებად სცნო. დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებით საყურადღებოა ინტერესთა კონფლიქტის საკითხიც, რადგან „დაზარალებულ პირად მიჩნეულია ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსი, ხოლო საქმის გამოძიების საწყის ეტაპზე საქმეს სწორედ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო დანაყოფი იძიებდა“. ორგანიზაციის თქმით, ეს ხარვეზები ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას როგორც სასამართლო პროცესის, ასევე საბოლოო შედეგის მიმართ.

მეგობრის მოსაზრებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ამაღლობელის წარსული საქმიანობა და გამოცემა „ბათუმელების“ დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტი პოლიტიკური დევნისა და მედია პლურალიზმის აღმოფხვრის მცდელობის შესახებ წუხილებს იწვევს. ორგანიზაცია მოუწოდებს სასამართლოს განიხილოს საქმის უფრო ფართო გავლენა პრესის თავისუფლებასა და სამართლიანობაზე, განსაკუთრებით საჯარო ინტერესისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პოტენციურად ბოროტად გამოყენების გათვალისწინებით.

ვინაიდან 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა ცალსახად არ არის ჩამოყალიბებული განჭვრეტადი ფორმით, ეს პრაქტიკაში არაერთგვაროვანი განმარტებებისა და არაკეთილსინდისიერი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. „შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, რეკომენდაციით მიმართა სასამართლოს გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კონსტიტუციური წარდგენის უფლებამოსილება და მუხლის ნორმატიული შინაარსის განმარტებისათვის მოსამართლემ წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს“, – ნათქვამია მეგობრის მოსაზრებაში.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია