
სომხეთში აშშ-თან ერთობლივი სამხედრო სწავლება Eagle Partner დაიწყო. ის ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 20 აგვისტოს დასრულდება.
სწავლების მიზნებია – ურთიერთქმედებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე დანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება, ასევე მართვისა და ტაქტიკური კომუნიკაციის მოწინავე გამოცდილების გაცვლა.
სწავლებაში მონაწილეობას სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადის, აშშ-ის ევროპისა და აფრიკის სახმელეთო ძალების, ასევე კანზასის შტატის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ. სწავლება Eagle Partner უკვე მესამედ ტარდება. მანამდე ის 2023 და 2024 წლებში გაიმართა. სომხეთმა 2023 წლიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წვრთნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 2024 წლის თებერვალში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ОДКБ-ში სომხეთის წევრობის შეჩერების შესახებ განაცხადა. იმავე წლის აგვისტოში სომხეთმა ყირგიზეთში დაგეგმილ წვრთნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.