სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის დაგეგმვაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე მოლდოვიდან აშშ-ში გადაიყვანეს

Civil Georgia 2 კვირის წინ 10
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის დაგეგმვაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე მოლდოვიდან აშშ-ში გადაიყვანეს

21 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ნიუ-იორკში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და მასობრივი ძალადობის წაქეზებაში ადანაშაულებენ, 22 მაისს მოლდოვიდან აშშ-ში გადაიყვანეს, რათა ბრუკლინში ბრალდებები წაუყენონ.

მიხეილ ჩხიკვიშვილი, რომელიც ცნობილია მეტსახელით „მეთაური ყასაბი“, 2024 წლის ივლისში კიშინიოვში დააკავეს. მას ოთხი მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რომელთა შორისაა ებრაული თემისა და რასობრივი უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობრივი თავდასხმებისთვის სხვების წაქეზება და ასეთი ქმედებებისთვის მითითებების მიცემა, მათ შორის ახალი წლის ღამეს ბავშვებისთვის მოწამლული ტკბილეულის დარიგების სქემის დაგეგმვა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პრესრელიზის თანახმად, ჩხიკვიშვილი თეთრი რასის უზენაესობის მომხრე მანიაკი მკვლელების კულტის ლიდერია, რომელიც საერთაშორისო, რასობრივად მოტივირებული, ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფია. მას სურდა, რომ დაგეგმილი თავდასხმა „ბრეივიკზე ფართომასშტაბიანი” ყოფილიყო. საუბარია ანდერს ბერინგ ბრეივიკზე, ნორვეგიულ ნეონაცისტზე, რომელმაც 2011 წელს ნორვეგიაში მოწყობილი აფეთქებისა და ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის შედეგად 77 ადამიანი მოკლა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ჩხიკვიშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებებს მსოფლიოს მასშტაბით არაერთი თავდასხმა და მკვლელობა მოყვა.

სრულად წაიკითხეთ სტატია