საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, რომელიც გუშინ ახალი პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრო, აცხადებს, რომ ის ლეგიტიმურად შეიკრიბა. თუმცა, მისი აპარატის თანამშრომლები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან.
„ერთადერთი უწყება, რომლისთვისაც ჩვენ მთელი წელი ვმუშაობთ, არის საქართველოს პარლამენტი, რომელსაც წარვუდგენთ ანგარიშს. შესაბამისად, მე არ მესმის თქვენი კითხვის შინაარსი ლეგიტიმაციასთან დაკავშშირებით. საქართველოს პარლამენტის შეკრება მოხდა სრულიად ლეგიტიმურად“, – განუცხადა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს და ხაზი გაუსვა კონსტიტუციის 38-ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს, რომ პარლამენტი იკრიბება ცესკოს მიერ საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს ათი დღისა. იმავდროულად, მისმა თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია: „ჩვენ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, ყოველთვის ვიყავით და ვრჩებით ხალხის, სახელმწიფოს ინტერესებისა და კონსტიტუციური ორგანოს ფუნდამენტური პრინციპების და მიზნების ერთგულნი. როგორც საჯარო მოხელეები, სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, ფიცის დადების მომენტიდან, ვხელმძღვანელობთ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად“.
„25 ნოემბერს, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესების უგულვებელყოფით მოხდა საქართველოს პარლამენტის იმ წევრთა უფლებამოსილების ცნობა, რომელთა არჩევის კანონიერებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია სასამართლოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვინც პარლამენტს არალეგიტიმურად თვლის, მათ შორის პრეზიდენტი, ოპოზიცია, სამართლის ექსპერტები, ასევე სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტის სარჩელი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში ეჭვქვეშ აყენებს 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერებას. ამდენად, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს არ უნდა ეცნო დეპუტატების უფლებამოსილება, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა. თუმცა, პარლამენტი სხვაგვარად მოიქცა.
- 25/11/2024 – პრეზიდენტი: პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია
- 20/11/2024 – ამიხსენი | რას ნიშნავს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი ახალი პარლამენტისთვის
„ყველა სხვა მუხლი, ყველა სხვა საკანონმდებლო დათქმა, მათ შორის, საკონსტიტუციო სარჩელი, ვერ იქნება უფრო აღმატებული, ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი, სადაც ცალსახად წერია, რომ არაუგვიანეს მეათე დღისა პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, რაც ასეც მოხდა და რაც, რა თქმა უნდა, იყო ლეგიტიმური“, – განაცხადა იოსელიანმა.
იოსელიანის მიერ პარლამენტის ლეგიტიმურობის დადასტურება გასაკვირი არ ყოფილა, რადგან ამჟამინდელი სახალხო დამცველი, რომელსაც უფლებადამცველები ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ნელა რეაგირებს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, განსაკუთრებით პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევის დროს, მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ მყოფად განიხილება.
„ვაცნობიერებთ, რომ მსგავსი მოვლენები ნეგატიურ გავლენას ახდენს ინსტიტუტის რეპუტაციაზე, რომელსაც წლების მანძილზე აქ დასაქმებული მოხელეები ვქმნიდით და არა მხოლოდ გარკვეული ვადით არჩეული სახალხო დამცველები“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ: