საქართველოს იტალიასა და უნგრეთში ახალი ელჩები ჰყავს

Civil Georgia 2 კვირის წინ 24
საქართველოს იტალიასა და უნგრეთში ახალი ელჩები ჰყავს

საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 მაისს განაცხადა, რომ იტალიასა და უნგრეთში ახალი ელჩები დაინიშნენ.

იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე თამარ ლილუაშვილი დაინიშნა.

თამარ ლილუაშვილი  ამ დრომდე უნგრეთში საქართველოს ელჩის პოზიციას იკავებდა, მანამდე კი იყო ბულგარეთის რესპუბლიკაში ელჩად მსახურობდა. თამარ ლილუაშვილი ასევე მსახურობდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო Invest in Georgia-ს აღმასრულებელ დირექტორად და „არ ემ ჯი“ ჯგუფის დირექტორის მოადგილედ.

უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ნიკოლოზ ლალიაშვილი დაინიშნა. მანამდე ნიკოლოზ ლალიაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩად მსახურობდა. იგი სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და  უშიშროების საბჭოში. ლალიაშვილი 2008-2012 წლებში მეშვიდე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო საარჩევნო ბლოკ „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატების“ სიიდან.

2020 წელს ლალიაშვილი სახელისუფლებო ტელევიზია „იმედის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ელდარ მდინარაძე შეცვალა და ეს თანამდებობა 2021 წლამდე ეკავა.

ლალიაშვილი, რომელიც ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (2003-2012) ოპონენტი იყო, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომისადმი მიძღვნილი სადავო ფილმის პროდიუსერი იყო. ფილმის თანახმად, რუსული ჯარები იძულებული გახდნენ საქართველოში შეჭრილიყვნენ ამ უკანასკნელის სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ. ფილმი, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, მათ შორის „იმედის“ ჟურნალისტებში, მაუწყებლის „ფეისბუქის“ გვერდიდან წაშალეს.

თამარ ლილუაშვილი და ნიკოლოზ ლალიაშვილი ახალ პოზიციებზე საქმიანობას 1 ივლისიდან დაიწყებენ.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია