
საქართველოში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეფექტიანობის გაუმჯობესების და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა(GCCA) და პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ოფისს(UOKiK) შორის თანამშრომლობა დაიწყო – ინფორმაციას GCCA ავრცელებს.
„მომხმარებლის დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მენტორობის პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის 20 თებერვალს, GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის და UOKiK-ის წარმომადგენლების ერთობლივი მონაწილეობით, ონლაინ ფორმატში, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ტრენინგი, ძირითადად, შეეხებოდა საქმის შესწავლის პროცესში მტკიცებულებების შეგროვების ინსტრუმენტებს. აღნიშნულმა სწავლებამ მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი GCCA-ის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კანონდარღვევების უფრო ეფექტიან გამოვლენასა და მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონმდებლობის ხარისხიან აღსრულებას.
მიმდინარე წლის განმავლობაში, თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია GCCA-ის თანამშრომლებისთვის სპეციალიზებული ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება, ქეისების განხილვის პროცესში პოლონელი ექსპერტების კონსულტაციების მიღება, სასწავლო ვიზიტების ორგანიზება და სხვა ერთობლივი აქტივობები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.