საქართველოდან საფრანგეთის რესპუბლიკაში ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განხორციელებული ტრეფიკინგის დანაშაულისთვის ძებნილი პირების ექსტრადიცია განხორციელდა, განაცხადა საქართველოს პროკურატურამ 20 მაისს.
პროკურატურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოსა და საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად დააკავა. საფრანგეთი ამ პირებს 2024 წლიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდა.
ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, ფრანგული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ტანტრა იოგის საფარქვეშ მოქმედი ტრანსნაციონალური ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, რომლის მიზანს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანთა ტრეფიკინგი წარმოადგენდა, ერთ-ერთი დანაყოფის ხელმძღვანელებმა მონაწილეობა მიიღეს სულ მცირე შვიდი პირის საფრანგეთის რესპუბლიკაში გადაყვანაში და მათ სექსუალურ ექსპლუატაციაში“.
ამავე პრესრელიზის თანახმად, აღნიშნული პირების საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაშვებად იქნა ცნობილი, ხოლო 2025 წლის 16 აპრილს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნული პირების საფრანგეთში ექსტრადიციის თაობაზე.
„ძებნილი პირები სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ გადაეცა საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს“, – აცხადებს პროკურატურა.
ასევე წაიკითხეთ: