ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლები კოპენჰაგენში 1-2 სექტემბერს დაგეგმილ არაფორმალურ შეხვედრაზე არ მიიწვიეს. ეს ინფორმაცია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა.
„2024 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მან ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება გადაწყვიტა. ევროკავშირმა ეს გაითვალისწინა. დანიის მხრიდან [ევროკავშირის საბჭოს] თავმჯდომარეობა პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს შექმნილ პრეცედენტს მიჰყვება და, ზოგადი წესის მიხედვით, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მოიწვევს“, – აცხადებენ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დანიის სამინისტროს განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა.
„როდესაც დანიის მთავრობა დეზინფორმაციას ავრცელებს, ეს ძალიან შემაშფოთებელია… ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ პრინციპს“, – განაცხადა მან 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე. „არანაირი ევროინტეგრაციის შეჩერება არასდროს მომხდარა, მითუმეტეს 28 ნოემბერს, როგორც თითქოს ისინი ციტირებენ. ამიტომ, გულდასაწყვეტია, რომ დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან გვესმის ტყუილი საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით“.