საფრანგეთის საფეხბურთო კლუბები ღრმა ფინანსურ კრიზისში არიან – რა პრობლემის წინაშეა ,,ლიონი’’

News.ge 1 თვე წინ 39
საფრანგეთის საფეხბურთო კლუბები ღრმა ფინანსურ კრიზისში არიან – რა პრობლემის წინაშეა ,,ლიონი’’

საფრანგეთის საფეხბურთო კლუბები ღრმა ფინანსურ კრიზისში არიან – რა პრობლემის წინაშეა ,,ლიონი’’
ფრანგული საკლუბო ფეხბურთი პანდემიის შედეგებისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებენ. ექვსგზის ეროვნული ჩემპიონი ,,ბორდო” 2024 წლის შემოდგომაზე გაკოტრებულად გამოცხადდა. მსგავსი პროცედურის წინაშე დგას ჩემპიონატის კიდევ ერთი ლიდერი ,,ლიონი”. კლუბის ვალი ნახევარ მილიარდ ევროს აჭარბებს, თუმცა მფლობელი ირწმუნება, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა.
,,ლიონი’’ 1950 წელს დაარსდა. კლუბმა 2001-დან 2008 წლამდე ლიგის ტიტული შვიდჯერ მოიგო. კლუბისთვის ბოლო მიღწევად 2019-20 წლების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე გასვლა და იმავე სეზონში საფრანგეთის ლიგის თასის მოგება ითვლება.
,,ლიონს’’ პრობლემები შეუქმნა არა მრავალრიცხოვანმა სესხებმა, არამედ პანდემიამ. მხოლოდ 2020-21 წლების სეზონის ბოლოს, კლუბის ზარალმა 114 მილიონი ევრო შეადგინა, ამიტომ სწრაფად დაიწყეს მყიდველის ძებნა. 2022 წლის ბოლოს ამერიკელი ბიზნესმენი ჯონ ტექსტორი დათანხმდა, კლუბში 800 მილიონი ევრო გადაეხადა. შედეგად, ,,ლიონი’’ Eagle Football Group-ის (EFG) მრავალკლუბური იმპერიის ნაწილი გახდა. ტექსტორი საკონტროლო აქციებს ფლობს ბრაზილიურ Botafogo-სა და ბელგიურ Molenbeek-ში. ისე ასევე ფლობს 40%-იან წილს ინგლისის პრემიერ ლიგის (EPL) კლუბ კრისტალ პალასში. თუმცა, იმედები არ გამართლდა და კლუბი ისევ პრობლემების წინაშე დარჩა. ამის მიზეზი, 320 მილიონი ევროს ვალი გახდა, რომელიც ტექსტორმა მემკვიდრეობით წინა მფლობელისგან მიიღო.
ბიზნესმენმა პრობლემის მოსაგვარებლად 2024 წლის ზაფხულში ამერიკული ქალთა გუნდი გაყიდა, რაშიც 58 მილიონი დოლარი მიიღო. მან ასევე სცადა Eagle Football Group-ის ბირჟაზე გატანა, მაგრამ უარი მიიღო. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ტექსტორმა აღნიშნა, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. The Athletic-ის თანახმად, 2024 წლის ნოემბერში ,,ლიონის’’ ვალი 458,5 მილიონი ევროდან 505,1 მილიონ ევრომდე გაიზარდა. რის გამოც კლუბს სანქციები დაუწესდა. კლუბს აეკრძალა შემომავალი ტრანსფერების განხორციელება და დაწესდა შეზღუდვები ხელფასის ოდენობაზე. თუ ტექსტორი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვალის მეხუთედს მაინც არ დაფარავს, ,,ლიონი’’ 1988 წლის შემდეგ პირველად მეორე დივიზიონში დაქვეითდება.
2022 წელს ,,ლიონის” შეძენის დროს ტექსტორი ამტკიცებდა, რომ კლუბის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გუნდის ლიდერების შენარჩუნება იყო, თუმცა ახლა მან პოზიცია შეიცვალა. „თუ რამდენიმე კარგ ფეხბურთელს გავყიდით, მშვიდად ჩავანაცვლებთ მათ. ამავდროულად, სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა ჩვენი მიზანია. ნებისმიერი სხვა შედეგი წარუმატებელი იქნება. ვფიქრობ, ,,ბოტაფოგოს” შეუძლია დაგვეხმაროს – რამდენიმე წლის წინ ლიონი დაეხმარა მათ ვალებთან გამკლავებაში, ახლა კი მათი ჯერია ხელი გაუწოდოს გაჭირვებულს. ვფიქრობ, სიტუაციიდან ორივე კლუბი გამარჯვებული გამოვა“, – ამბობს ტექსტორი.
,,ლიონის” დასახმარებლად ერთადერთი გამოსავალი ,,ბოტაფოგოს’’ წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვაა. თუმცა გუნდი ამჟამად ბრაზილიის სერია A-ს ლიდერობს და კარგ გზაზეა მესამე ლიგის ტიტულის მოსაპოვებლად. თუ ,,ბოტაფოგო’’ სამხრეთ ამერიკის ტურნირს მოიგებს, 2025 წლის ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მაღალი შემოსავლის გარანტიით მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს. ასეთ სიტუაციაში საუკეთესო ფეხბურთელებთან განშორება ძალიან ალოგიკური იქნება.
,,ლიონის” გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ კლუბი არ გაიზიარებს კიდევ ერთი ცნობილი ფრანგული გუნდის, ,,ბორდოს” ბედს, რომელიც მიმდინარე სეზონის დაწყებამდე სამოყვარულო Championnat National 2-ში (საფრანგეთის მეოთხე დივიზიონი) გადავიდა გაცილებით მცირე ვალების გამო.

სრულად წაიკითხეთ სტატია