
პარტია “გახარია საქართველოსთვის” გუნდის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი:
რას ნიშნავს ჩინური საბანკო სისტემის შემოყვანა საქართველოში?
ეს არის ამორალური და უკიდურესად სახიფათო გეგმა, რომლითაც ოცნების რეჟიმი ცდილობს საქართველოს 1.5 მილიონი პენსიონერი და სოციალურად დაუცველი (მოსახლეობის 40%) მძევლად გამოიყენოს ივანიშვილის სანქციების თავიდან ასარიდებლად!
საქმე გვაქვს წინასწარ დაგეგმილ ფინანსურ სქემასთან, რომელიც არა მხოლოდ დასავლეთის სანქციების ეფექტის განეიტრალებას ისახავს მიზნად, არამედ მთელი ქვეყნის სოციალური უსაფრთხოების მძევლად ქცევას კერძო ინტერესების დასაცავად.
კონკრეტულად როგორ?
უკვე ცნობილია, რომ აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ამზადებენ სანქციებს ბიძინა ივანიშვილსა და მასთან ასოცირებულ კომპანიებზე. ეს სანქციები მოიცავს ანგარიშების გაყინვას და მათ გამოთიშვას SWIFT-ის გლობალური საბანკო სისტემიდან — რაც პრაქტიკულად ნიშნავს ამ პირების და მათი კომპანიების საერთაშორისო საფინანსო იზოლაციას.
ივანიშვილმა, როგორც ჩანს, მოასწრო აქტივების გადატანა დასავლური იურისდიქციებიდან, თუმცა ფულის მოძრაობისთვის მას სჭირდება ალტერნატიული არხები. სწორედ ამ მიზნით საქართველოში შემოდის ჩინური ბანკი, რომელიც ყიდულობს „ლიბერთი ბანკს“ იმისათვის, რომ გამოიყენოს ჩინეთის მიერ შექმნილი SWIFT-ის ალტერნატიული სისტემა CIPS (Cross-Border Interbank Payment System), რომელსაც იყენებენ ჩინეთი, რუსეთი, ირანი და სხვა ავტორიტარული რეჟიმები.
ეს საშუალებას მისცემს ივანიშვილს, სანქცირების შემთხვევაშიც კი, განაგრძოს ფინანსური ტრანზაქციები დასავლეთის გვერდის ავლით.
მაგრამ ეს სქემის მხოლოდ ერთი ნაწილია.
მეორე და უფრო ამორალური:
ლიბერთი ბანკის სანქცირების შემთხვევაში, რისი ალბათობაც მაღალია იმ შემთხვევაში, თუ ის მოემსახურება სანქცირებულ კომპანიებს და პირებს, საქართველოს მოქალაქეებს დაახლოებით 8-დან 12 თვის განმავლობაში შეუჩერებათ პენსიებისა და სოციალური დახმარებების გაცემა, სანამ სხვა რომელიმე ბანკი არ გადაიბარებს ამ ფუნქციას.
იმისათვის, რომ ლიბერთი ბანკს არ შეეხოს სანქციები, რეჟიმს ფარად ეყოლება აფარებული პენსიონერები და სოციალურად დაუცველები!
პრაქტიკულად შანტაჟის ქვეშ ეყოლება დასავლური ინსტიტუტები, რადგან ლიბერთი ბანკის დასანქცირება გამოიწვევს ქვეყნის სოციალური სისტემის კოლაფსს. სწორედ ამ შესაძლო უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური კრიზისის საფრთხის გამოყენებით, რეჟიმი ცდილობს შეაჩეროს ლიბერთი ბანკზე სანქციების გავრცელება და უზრუნველყოს აქტივების თავისუფალი მოძრაობა.