საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელსაც ოფიციალურად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სავარაუდო დანაშაულების გამოძიება აქვს დავალებული, არა სიმართლის დასადგენად, არამედ ოპოზიციური პოლიტიკოსების დასასჯელად შეიქმნა.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომისიას, რომელსაც თავდაპირველად 2003 წლიდან 2012 წლამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სავარაუდო სისტემური დანაშაულების გამოძიება ევალებოდა, მანდატი გაუფართოვდა და ის ახლა დღემდე არსებულ პერიოდს მოიცავს. „ქართული ოცნება“ გეგმავს თავისი საგამოძიებო კომისიის საბოლოო ანგარიშის ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში წარუდგინოს და, ანგარიშის საფუძველზე, აკრძალოს ნაციონალური მოძრაობა და მისი „მემკვიდრე პარტიები“, რომელთა შორის მთავარი პროევროპული ოპოზიციური ძალები მოიაზრება. 13 მაისს “ქართული ოცნების” პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ისახავს მიზნად.
15 მაისს გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა განაცხადა: „დაიწყო და გრძელდება ახალი ტალღა, რომელიც პოლიტიკოსებს ეხებათ, დროებითი საგამოძიებო კომისია ამისთვის შეიქმნა“.
მან ასევე აღნიშნა: „არავინ არ დაიჯეროს, რომ ეს კომისია იმისთვის შეიქმნა, რომ რაღაც სიმართლე, რომელიც 12 თუ მეტი წლის განმავლობაში არ დადგინდა, ახლა დადგინდეს. კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ პოლიტიკოსები დაიბარონ, ის პოლიტიკოსები არ მივიდნენ და მერე მათ საშუალება მიეცეთ, ისინი დააჯარიმონ, თუ დაიჭირონ“.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პოზიცია გასაგებია, რადგან „პარლამენტი და მაშასადამე, კომისიაც არალეგიტიმურია“.
ზურაბიშვილის კომენტარს ერთი დღით ადრე წინ უსწრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროინდელი თავდაცვის მინისტრისთვის ირაკლი ოქრუაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მას შემდეგ, რაც მან „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის“, კერძოდ, სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული 20 000-ლარიანი გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.
იგივე ბრალდებები და გირაო შეუფარდეს სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც, მათ შორის ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებს ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ასევე „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს გივი თარგამაძესა და გიორგი ვაშაძეს. ყველა მათგანმა გირაოს გადახდასა და კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი განაცხადა.
გიორგი გახარია, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში, ერთადერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც კომისიის წინაშე ჩვენება მისცა.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/04/2025 – ოპოზიციონერ პოლიტიკოს მამუკა ხაზარაძეს 50 000 ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა
- 26/03/2025 – დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 14/02/2025 – ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს
- 07/02/2025 – „ქართული ოცნების“ პარლამენტში ნაცმოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა