პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებს ერთობლივი წერილი გაუგზავნა, სადაც მოუწოდებს მათ, უზრუნველყონ, რომ ევროპული საბჭოს მიერ 20-21 მარტს დაგეგმილ სხდომაზე საქართველო შეუმჩნეველი არ დარჩეს. წერილი, რომელიც ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კოორდინაციით მომზადდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რუსეთის მიერ შთაგონებული რეჟიმად“ მოიხსენიებს, რომელიც სისტემატურად ანგრევს ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და საფრთხეს უქმნის მის სუვერენიტეტსა და ევროპულ მომავალს. ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ითხოვს ახალი არჩევნების ჩატარებას, რაც, მისი თქმით, კრიზისიდან გამოსავალს წარმოადგენს და ევროპასა და აშშ-ს პროევროპულ ძალებსა და მმართველ ხელისუფლებას შორის შუამავლობისკენ მოუწოდებს.
19 მარტს თავის სატელევიზიო მიმართვაში სალომე ზურაბიშვილმა წერილის გაგზავნის თაობაზე მისი გადაწყვეტილების მთავარ მიზეზზე ისაუბრა. მისი თქმით, მაშინ როცა უკრაინა და ევროპული თავდაცვის საკითხები ევროპული საბჭოს დღის წესრიგის პრიორიტეტებად რჩება, საქართველოში „რეპრესიული რეჟიმის“ გაძლიერება, ან თუნდაც გაფართოება, რომელიც მოქმედებს საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ევროპულობის გაუქმების მიმართულებით, ქართული საკითხის იგნორირება არ შეიძლება და ის ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დღის წესრიგში უნდა იყოს. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო არ უნდა განიხილებოდეს როგორც იზოლირებული პოლიტიკური კრიზისი, არამედ უფრო ფართო კრიზისის ნაწილი, რომელიც ევროპაზე ახდენს გავლენას. ზურაბიშვილის თქმით, საქართველო ჰიბრიდული აგრესიის ობიექტია.
მან ასევე განაცხადა, რომ ევროპელ ლიდერებს უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოს საკითხის გამოტოვება შავი ზღვის რეგიონზე მსჯელობისას არ შეიძლება, რადგან ქვეყანა უშუალოდ არის დაინტერესებული შავ ზღვაზე უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის გაძლიერებით.
წერილი
წერილში მოწოდებულია „სათანადო ყურადღება დაეთმოს საქართველოში არსებულ საგანგაშო მოვლენებს, სადაც რუსეთის მიერ შთაგონებული რეჟიმი ყოველდღიურად აფართოებს რეპრესიულ ზომებს საქართველოს დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ“. წერილის თანახმად, ევროპამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს საქართველოში მიმდინარე პროცესებს სამი ძირითადი მიზეზის გამო:
დემოკრატიის კუთხით
წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს მმართველი ძალა „ანგრევს ყველა ინსტიტუტს და არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც ოც წელზე მეტია ევროპის აქტიური ჩართულობით შენდებოდა და დაცული იყო“. ზურაბიშვილის თქმით, „რუსეთის მიერ მხარდაჭერილ დიქტატორს“ არ უნდა მიეცეს საშუალება „უგულებელყოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, შეცვალოს მტკიცედ პროევროპული მოსახლეობის კურსი და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა რუსეთის სატელიტად აქციოს“.
სუვერენიტეტის კუთხით
წერილი მიმოიხილავს „გაყალბებული არჩევნების“ შემდგომ მოვლენებს და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომელიც „სხვა არაფერია თუ არა რუსეთის მიერ ალტერნატიული ჰიბრიდული ინსტრუმენტის გამოყენების მცდელობა, რათა ხელახლა მოიპოვოს გავლენა სუვერენულ, დამოუკიდებელ და პროევროპულ ქვეყანაზე“. წერილში ნათქვამია, რომ სამხედრო აგრესია რუსეთმა საქართველოში 2008 წელს დატესტა, ხოლო უკაინაში 2014 და 2022 წელს გამოიყენა მაღალი დანახარჯებითა და მოსალოდნელი დომინაციის მიღწევის გარეშე. წერილში ასევე ნათქვამია, რომ წარმატების შემთხვევაში ჰიბრიდული ომი შესაძლოა ევროპის საზღვრებსაც გასცდეს. „ამგვარი ახალი ტენდენცია ყველასთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს და არა მხოლოდ მათთვის ვინ რუსეთის საზღვრებთან ახლოს ცხოვრობს“, – აცხადებს ზურაბიშვილი.
სტრატეგიული კუთხით
„საქართველოს ბედი არ უნდა გაიმიჯნოს უკრაინისგან, ისევე როგორც არ უნდა მოხდეს საქართველოს ამოღება უკრაინაში მშვიდობის შესახებ დისკუსიებიდან“, – ნათქვამია წერილში. წერილი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს „ქართული ოცნების“ გეგმებთან დაკავშირებით, რომ ანაკლიის პორტის პროექტში ჩინეთი ჩართოს, ასევე რუსეთის განზრახვაზე ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის შექმნასთან დაკავშირებით. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „საქართველოს დაკარგვა ამ რეგიონში რუსეთის დომინანტობის ტოლფასია. ეს არ არის ძლიერი ევროპა, არც ძლიერი ამერიკა“.
მოწოდება ქმედებისკენ
პრეზიდენტის წერილში ნათქვამია, რომ „ოთხთვიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე, საქართველო ღრმა კრიზისშია“. „მმართველი ძალა არ მართავს ქვეყანას, ისინი მხოლოდ რეპრესიებს რეპრესიებზე ამატებენ“, – ნათქვამია წერილში.
„არსებული ჩიხიდან ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი ახალი არჩევნებია. ამ გამოსავლის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ევროპული (და საბოლოოდ ამერიკული) მაღალი დონის მედიიაციის გზით“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
„როცა ამერიკა გადის, ევროპამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე არამხოლოდ თავდაცვის საკითხები, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდაჭერა“, – ნათქვამია წერილში. „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ინიციატივას „ევროპის ხმა”, რომ ევროპამ გადაიბაროს თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების მხარდაჭერისთვის საინფორმაციო ბრძოლა“. მას მხედველობაში ჰქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, დაფინანსება შეუჩეროს „ამერიკის ხმას“ და რადიო თავისუფლებას.
წერილის დასასრულს, ზურაბიშვილი მოუწოდებს ევროპელ ლიდერებს, რომ საქართველოს საკითხი შეიტანონ ევროპული საბჭოს ივნისის სესიის დღის წესრიგში. „მომდევნო სესიამდე კი, მზად ვარ წარვდგე, პროევროპულ პარტიებთან ერთად, ევროპული პარლამენტის წინაშე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად“, – დასძენს ზურაბიშვილი.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/02/2025 – სალომე ზურაბიშვილმა ახალი არჩევნების გეგმა წარმოადგინა
- 20/02/2025 – ზურაბიშვილი: „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა ახალი არჩევნების დანიშვნა მოუწიოს
- 15/02/2025 – სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება
- 05/02/2025 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი: „საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება დასრულდა“