აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა 23 ოქტომბერს გაიმეორა აშშ-ის შეშფოთება საქართველოში საარჩევნო პროცესის თაობაზე. მან ვაშინგტონში ბრუკინგსის ინსტიტუტში, საქართველოს შესახებ Globalnew.ge-ს შეკითხვას უპასუხა.
„ჩვენ ძალიან ნათლად გავაჟღერეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიასთან და საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით და ძალიან შეშფოთებულები ვრჩებით ამის გამო. საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალი და სამართლიანი პროცესის გზით. ვფიქრობ, საქართველოში არავის სურს საკუთარი ქვეყნის გირაოთი სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, მათ შორის ჩინეთისთვის“, – განაცხადა სალივანმა.
სალივანის განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს აქვს 3000-წლიანი ისტორია და „არათუ დაგირავება უკადრია არავის, არამედ არც ამ ტერმინებით უსაუბრია“. კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნებისა და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, აშშ-სთან ურთიერთობები გადაიტვირთება და „ვერავინ აკადრებს საქართველოს იმაზე საუბარს, რომ საქართველო პარტიზანულად ტყეში უნდა გავიდეს და გლობალური ინტერესებისათვის იქედან იომოს“. მას მხედველობაში ჰქონდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადება 22 ოქტომბრის ინტერვიუდან, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი ქვეყნის მაღალჩინოსანმა, რომელიც მან არ დასახელა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შესთავაზა რუსეთის წინააღმდეგ ომში წასვლა, რა დროსაც აღნიშნა, რომ „თქვენ 3 მილიონი ხართ და 3-4 დღეში ყველას კი ვერ ამოგხოცავენო, შეგიძლიათ პარტიზანული მოძრაობით ტყეში გახვიდეთ და ჩვენ მოგაწვდით, დაგეხმარებით და იქიდან იომეთო“.
ასევე წაიკითხეთ: