საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ აქციის მონაწილეებისთვის დაკისრებული ჯარიმები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების „მძიმე დარღვევას“ წარმოადგენს. 2024 წლის 28 ნოემბრიდან, როდესაც საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, 2025 წლის 18 მარტამდე, ხელისუფლების მიერ გზების გადაკეტვის ბრალდებით აქციის მონაწილეებზე გამოწერილი ჯარიმების ოდენობამ 2 000 000 ლარს მიაღწია, აცხადებს ორგანიზაცია.
საია ჯარიმებს „დრაკონულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება „გზის გადაკეტვას“ ფორმალურ საბაბად იყენებს საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასასჯელად.
საპროტესტო აქციების პირველ თვეებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული კონკრეტული სამართლებრივი ნორმა შეცვალა და ათჯერ გაზარდა გზის გადაკეტვის ჯარიმა 500 ლარიდან 5000 ლარამდე.
საია აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ბოლო დროს თბილისში მრავლად დამონტაჟებულ ამომცნობ კამერებს იყენებს. „როგორც წესი, ასეთ საქმეებში ერთადერთ მტკიცებულებას სახის ამომცნობი კამერებიდან ამოღებული ფოტოები წარმოადგენს, რომლებიც, ძირითადად, შესაბამისი კონტექსტის იგნორირებით, პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სასამართლოს საკმარის მტკიცებულებად მიაჩნია“, – აცხადებს საია.
„სპონტანური შეკრებების დროს გზის გადაკეტვისთვის დემონსტრანტების დაჯარიმების პრაქტიკა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების მძიმე დარღვევას წარმოადგენს“, – აცხადებს ორგანიზაცია და დასძენს, რომ მაღალი ჯარიმების გამოყენება ქვეყანაში სერიოზულ დემოკრატიულ უკუსვლაზე მიანიშნებს.
5000 ლარიანი ჯარიმა საქართველოში საშუალო თვიურ შემოსავალზე ორჯერ მეტია. სოლიდური ჯარიმები უფლებადამცველების მწვავე კრიტიკის საგანი გახდა, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს რეპრესიული იარაღია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელში საპროტესტო აქციების ჩასახშობად.
ბევრი დაჯარიმებული აცხადებს, რომ მათ გზა არ გადაუკეტიათ და უსამართლოდ დააჯარიმეს მხოლოდ აქციაში მონაწილეობისთვის. იყო შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტები პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გზის გადაკეტვის საბაბით დააჯარიმეს. ბევრი მომიტინგე რამდენჯერმეც კი დააჯარიმეს.
ჯარიმების გადახდა მომიტინგეებმა ძირითადად საზოგადოებრივი ფონდების დახმარებით შეძლეს. თუმცა, 17 მარტს, სამ ასეთ ფონდს, პროკურატურის მოთხოვნით, ანგარიშები დაუყადაღეს. პროკურატურის განცხადების თანახმად, ფონდებმა „უკანონო ღონისძიებების დასაფინანსებლად“ 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ფონდების დაყადაღება „პოლიტიკურად მოტივირებულ“ ქმედებად შეაფასა, რომელიც „გაუმართლებლად აჩერებს კონკრეტული სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობას და საბოლოოდ მიზნად ისახავს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მუხტის შემცირებასა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასჯას“.
ასევე წაიკითხეთ: