საელჩო: აშშ-ს არ დაუწესებია სანქციები ივანიშვილსა და მის ოჯახზე

Civil Georgia 2 თვის წინ 65
საელჩო: აშშ-ს არ დაუწესებია სანქციები ივანიშვილსა და მის ოჯახზე

საქართველოში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ აშშ-ს არ დაუწესებია სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრებზე. მანამდე ადგილობრივი მედია იტყობინებოდა, რომ ივანიშვილის შვილებს საზღვარგარეთ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.

„შეერთებულ შტატებს არ დაუწესებია ფინანსური სანქციები ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების მიმართ. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ყველა ფინანსურ სანქციას აქვეყნებს“, – უთხრეს „სამოქალაქო საქართველოს“ აშშ-ის საელჩოში.

ტელეკომპანია „ფორმულამ“ განაცხადა 2 ოქტომბერს წყაროზე დაყრდნობით, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. ამავე წყაროს ცნობით, ბანკებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს ანგარიშების ნაწილზე წვდომა საერთოდ შეუჩერეს, ზოგ შემთხვევაში კი შეზღუდული საფინანსო რესურსით ოპერირების რეჟიმში გადაიყვანეს. ივანიშვილის ოთხი შვილიდან, სამს – უტას, გვანცას და ბერას – წლებია საქართველოში არ უცხოვრიათ.

„ფორმულას“ ცნობით, ივანიშვილის შვილებისთვის გარკვეულ ტრანზაქციებზე წვდომის შეზღუდვის ან საბანკო ანგარიშებზე წვდომის სრულად დაბლოკვის საფუძველი გახდა „ამერიკის ხმის“ ქართული სამსახურის ადრინდელი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა სანქციების პაკეტი ივანიშვილის წინააღმდეგ, თუმცა „ამერიკის ხმამ“ მაშინ არ დააკონკრეტა, თუ როდის დააწესებდა აშშ ოფიციალურად სანქციებს.

16 სექტემბერს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ორ ქართველ თანამდებობის პირს, ასევე „ალტ-ინფოსთან“ ასოცირებულ ორ პირს „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის“, მათი როლისთვის უცხოელი აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა სასტიკ დარბევაში და იმ ქართველებზე ძალადობრივი თავდასხმებისთვის, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების უფლებას იყენებდნენ.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა და უთხრა, რომ აშშ-მა „კრიტიკულ ზღვარს“ მიაღწია. შეხვედრის მეორე დღეს დანიგანმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას „საქართველოს იზოლირებას ახდენს“.

ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ იგი უკვე არის „დე ფაქტო სანქციების ქვეშ“ და ამის დასტურად იმ 2 მილიარდ დოლარს ასახელებენ, რომელზეც მას წვდომა შეზღუდული აქვს Credit Suisse-ის წინააღმდეგ სარჩელის გამო. ივანიშვილი ამ „დე-ფაქტო სანქციებს“ „გლობალური ომის პარტიას“ უკავშირებს და აცხადებს, რომ ეს ჯგუფი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიმღებებზე აშშ-სა და ევროპაში.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია