სად ხართ, სად?! – სირცხვილია! – თამრიკო ჭოხონელიძე კოლეგებს მიმართავს

News.ge 1 კვირა წინ 20
სად ხართ, სად?! – სირცხვილია! – თამრიკო ჭოხონელიძე კოლეგებს მიმართავს

“მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო, “ტვ პირველის” დაშავებულ რეპორტიორებს, ზოგადად, ყველა ჟურნალისტს, გიორგი მახარაძეს, ადამიანებს, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რისთვის იბრძვიან” – ასე ეხმაურება ქართველი მომღერალი, თამრიკო ჭოხონელიძე საქართველოში მიმდინარე მძიმე მოვლენებს.
არტისტი პროტესტის მეთერთმეტე დღესაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება.
“ჩვენ, ვინც აქ ვდგავართ, იდეის გარშემო ვტრიალებთ. ეს იდეა ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსეულია – საბოლოოდ არ დავკარგოთ თავისუფლება”- ამბობს მომღერალი.
თამრიკო ჭოხონელიძე იმ პირებსაც მიმართავს, ვინც “ქართული ოცნების” დავალებებს ასრულებს – “ბიჭებო, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალიან დიდ შეცდომაში შეგიყვანეს, ახლა სამოქალაქო დაპირისპირება უნდათ”.
“ხელისუფლების მიზანია, ეს ბიჭები ერთმანეთს გადაკიდოს, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ერთი მიწის შვილები ხართ. ხვალ, ერთმანეთს თვალებში უნდა ჩახედოთ. შეიძლება, უბნელები, კლასელები და მეგობრებიც კი ხართ. მე ხომ ვიცი, რომ თქვენ ერთმანეთი გიყვართ, ბიჭებო, გადაადგილდით ნიღბის გარეშე. ხომ გყავთ მეგობრები, კლასელები უბნელები, ერთმანეთი არ დახოცოთ! ეს პროვოკაციაა, უნდათ ამ პროვოკაციის რგოლში სწორედ თქვენ მოჰყვეთ. იმ დედებს მივმართავ, ვინც ნიღბებით გადაადგილდებიან და საკუთარ სისხლს ასე უდიერად ხოცავენ, ძალიან გთხოვთ, როგორც ქალი, როგორც დედა, გონს მოეგეთ”- განაცხადა მომღერალმა.
თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვის ადრესატები არიან მისი კოლეგები – სად ხართ?! – ეკითხება მათ მომღერალი.
“საქართველოს დღეს ნამდვილად არ ემღერება, კარგად იცით, რომ თეატრები, მსახიობები გაიფიცნენ, გავიფიცეთ მომღერლები. მოვა, ნამდვილად მოვა ნამდვილი ახალი წელი. ახლა აქ, ვინც დადგება და იზეიმებს, ერთხელ მაინც გაიხსენონ ის დასისხლიანებული სახეები, რომელიც ნაძვის ხის კონსტრუქციას მიაკრეს. რა გითხართ კოლეგებო, სად ხართ, სად? სირცხვილია, თქვენ აქ უნდა იდგეთ. ღმერთმა გამღეროთ, თუ გემღერებათ”- დასძინა მომღერალმა.
წყარო: ტვ პირველი

სრულად წაიკითხეთ სტატია