გეოპოლიტიკური კატასტროფა საქართველოსთვის – ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ტრამპი-ალიევი-ფაშინიანის შეთანხმებაზე

News.ge 5 საათი წინ 8
გეოპოლიტიკური კატასტროფა საქართველოსთვის – ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ტრამპი-ალიევი-ფაშინიანის შეთანხმებაზე

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი ეხმაურება ვაშინგტონში შეერთებული შტატების, აზერბაიჯანისა და სომხეთის დაანონსებულ შეთანხმებას და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯის ფონზე საქართველო რუსეთთან და ირანთან ერთად იზოლაციაში ექცევა.
მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ მისი მმართველობის პერიოდში საქართველოს კეთილდღეობის ძირითად წყარო იყო „სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც ჯერ შევარდნაძის დროს მოვიპოვეთ და ჩემ დროს გავაღრმავეთ, ასევე ტურიზმი და ჩვენი სტატუსი, როგორც „მსოფლიო დემოკრატიის შუქურისა“, რაც განსაკუთრებით მიმზიდველს გვხდიდა ინვესტიციებისთვის“.
„ასევე გვამაგრებდა ჩემს დროს დამყარებული ფართო საერთაშორისო კავშირები და სწრაფი ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაწყება. ეს ოთხი ფაქტორი იყო ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, სწორედ ჩვენს სატრანზიტო ფუნქციის და განსაკუთრებით დემოკრატიული სისტემის დასაცავად გამოაგზავნა ბუშმა 2008 წელს მე-6 ფლოტი“, – წერს სააკაშვილი ციხიდან.
ის იმეორებს, რომ ივანიშვილმა „გაანადგურა ქართული დემოკრატია, მოახდინა საქართველოს იზოლაცია, მისი ძირითადი მოკავშირეებისგან“ და წერს, რომ „ახლა ამ ყველაფრის გამო ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას“.
„დღეს დაგეგმილი, ამერიკა-აზერბაიჯან-სომხეთის საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერა, რომლის თანახმადაც ამერიკა 100 წლით არენდით იღებს ზანგეზურის დერეფანს, ხსნის ახალ სატრანზიტო დერეფანს ევროპიდან ჩინეთში, ამჯერად საქართველოს, ირანის და ს გვერდის ავლით“, – წერს სააკაშვილი.
„დიახ, სწორედ ირანთან და რუსეთთან ერთად ვექცევით სრულ გეოპოლიტიკურ იზოლაციაში. ეს ნიშნავს რომ რკინის ფარდა ეშვება წითელ ხიდზე და ჩვენ ვიჩეხებით უფსკრულში, მოსკოვთან და თეირანთან ერთად“, – აცხადებს ის.
სააკაშვილი ახსენებს „ლაზიკის პორტის პროექტს“ – ასე უწოდებს ის ანაკლიის პროექტს – და ამბობს, რომ ეს „აზრს კარგავს, ისევე როგორც არსებული ქართული პორტები“: „საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა ხდება მოსახლეობის კიდევ უფრო დაჩქარებული გასვლა და საყოველთაო სიღარიბე. აი სად მიგვიყვანა ამერიკასთან და ევროპასთან სტრატეგიული კავშირის გაწყვეტამ“, – მიიჩნევს ის.
სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად სამმხრივად შეთანხმდნენ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად. მათ პირობა დადეს, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ბრძოლას, გახსნიან ვაჭრობას, მოგზაურობას და დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტს.
“ნამდვილად დიდი დღეა. სიკვდილისა და ზიზღის 35 წელი და ახლა იქნება ერთად სიყვარული, პატივისცემა და წარმატება. არა მგონია, რომ ეს შეიძლება დაიჩრდილოს. ომი იყო, ადამიანები იტანჯებოდნენ, ამდენი ადამიანი იქნა მოკლული და ახლა დიდი მშვიდობა გექნებათ… ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა. გილოცავთ, შესანიშნავი ლიდერები ხართ, ისტორიაში შეხვალთ… ეს ნამდვილად განსაკუთრებული რამეა,” – განაცხადა ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.
საერთაშორისო ექსპერტები დადებითად აფასებენ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტრატეგიული სატრანსპორტო, სამომავლო პერსპექტივაში კი ენერგეტიკული სატრანზიტო კომუნიკაციების განბლოკვა-გახსნა მოხდება.
საეტაპო პროექტს ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ტრამპის მარშრუტი“ (TRIPP) უწოდა.

სრულად წაიკითხეთ სტატია