რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში 2020 წელს დაპატიმრებული ირაკლი ბებუა გაათავისუფლეს

Civil Georgia 2 კვირის წინ 16
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში 2020 წელს დაპატიმრებული ირაკლი ბებუა გაათავისუფლეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 30 მარტს განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა გათავისუფლებულია და ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ აფხაზეთის დროშის სიმბოლიკიანი ბანერის დაწვისთვის დააკავა და 2020 წლის დეკემბერში 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მისი უკანონო პატიმრობის რეალური ხანგრძლივობა 4 წელსა და 6 თვეს გაუტოლდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში დროშის დაწვისთვის მაქსიმალური სასჯელი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთაა. მაგრამ ე.წ. აფხაზურმა სასამართლომ მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და დამნაშავედ ცნო არა მხოლოდ „სხვისი ქონების განზრახ განადგურებაში“ და „სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფაში“, არამედ ასევე „საბრძოლო მასალის უკანონო შეძენასა და შენახვაში“.

ბანერის დაწვით ბებუამ პროტესტი გამოხატა სოხუმის დაცემის აღნიშვნის დღეს, 27 სექტემბერს.

„მან სახელმწიფო დროშა დაწვა, რისთვისაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 30 მარტისთვის იგი ჯამში 4 წელს და 6 თვეს მოიხდიდა. 30 მარტს იწურება მისი იზოლატორში ყოფნის ვადა, შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვიქნებით გავათავისუფლოთ იგი“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „შინაგან საქმეთა მინისტრმა“ რობერტმა კიუტმა.

ოკუპირებული აფხაზეთის „კანონის“ თანახმად, რომელიც თავისუფლების აღკვეთის ვადის გამოთვლის დროებით რეგულირებას ეხება, ზოგადი რეჟიმის კოლონიებში თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულთათვის, რომლებიც სასჯელს დროებით დაკავების იზოლატორებსა და წინასწარი პატიმრობის იზოლატორებში იხდიან, სასჯელის ერთი დღე უდრის ორს. ამიტომ ბებუას ვადაც განახევრდა.

2020 წელს ბებუას დაკავების შემდეგ თბილისში რამდენიმე აქცია გაიმართა მისი გათავისუფლების მოთხოვნით. აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. ბებუას გათავისუფლების საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში რამდენჯერმე განიხილეს. ბებუას ახლობლების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობაში ყოფნისას გაუარესდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და სხვა რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული მოლაპარაკებებისა თუ კომუნიკაციის ყველა სხვა ბერკეტი და ინსტრუმენტი.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აცხადებს სუს-ი.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია