
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაურმა კირილო ბუდანოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საბრძოლო მასალების 50%-ს აწვდის. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ბუდანოვმა ასევე დაამატა, რომ ფხენიანმა მოსკოვისთვის 170 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცებისა და 240 მმ-იანი სარაკეტო სისტემების მიწოდებაც დაიწყო.
ბუდანოვის თქმით, 2025 წელს ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის კიდევ 148 ბალისტიკური რაკეტის გაგზავნას გეგმავს.
2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ ინტენსიურად დაიწყო რუსეთის მხარდაჭერა, მათ შორის, სამხედრო და დიპლომატიურ საკითხებში.
ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფხენიანი რუსეთს მილიონობით საარტილერიო ჭურვსა და რაკეტებს აწვდიდა, რასაც დღემდე განაგრძობს.
2024 წლის აგვისტოში გავრცელებული ინფორმაციით კი, უკრაინული ჯარების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრისა და ოლქის ტერიტორიების ნაწილზე კონტროლის დამყარების შემდეგ, რუსეთში ფხენიანმა, სულ მცირე, 12 000 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი გაგზავნა, რომლებიც, ძირითადად, სწორედ კურსკის ოლქში იბრძოდნენ უკრაინელების წინააღმდეგ.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, მოსკოვს ჩრდილოეთ კორეაში ასობით დაჭრილი და დაშავებული რუსი სამხედროები სამედიცინო რეაბილიტაციისთვის გაუგზავნია.
წყარო: ტაბულა