საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 დეკემბერს სამუშაო შეხვედრა გამართა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, თუ მმართველი პარტია მოლაპარაკებებზე დათანხმდება, ხოლო უარის შემთხვევაში, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ახალი არჩევნების თაობაზე მოთხოვნების გასაძლიერებლად.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტს წარუდგინეს ოპოზიციისა და სსო-ების მიერ მომზადებულ ერთობლივ დოკუმენტში ასახული ფუნდამენტური მოთხოვნები. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დოკუმენტი ძირითადად სსო-ების მიერ მომზადდა, პოლიტიკოსების გარკვეული ჩართულობით.
რაც შეეხება საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებს, გვარამიამ აღნიშნა, რომ გამოსავალი შეიძლება იყოს მე-11 მოწვევის პარლამენტის პრეზიდენტის მიერ დათხოვნა და ახალი არჩევნების თარიღის დანიშვნა. გვარამიას თქმით, მას მიაჩნია, რომ პრეზიდენტს ამის სრული კონსტიტუციური უფლება აქვს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ერთობლივად უნდა იქნას მიღებული… გადაწყვეტილება საზოგადოებამ და პოლიტიკურმა პარტიებმაც უნდა მიიღონ.
გვარამიამ განაცხადა, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან მოლაპარაკებაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მოწვევა, თუმცა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ასეთ ნაბიჯს არ მოელის. მან ასევე განაცხადა, რომ მზად უნდა იყვნენ კონკრეტული გადაწყვეტილებისთვის, განსაკუთრებით 29 დეკემბრიდან.
შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა: „მიმდინარეობს მუშაობა… და ჩვენ ვთანხმდებით, რომ რაღაც პრინციპული საკითხები უნდა იყოს შეთანხმებული იმისთვის, რომ 29 დეკემბრამდე, თუ კეთილგონიერებას გამოიჩენს ხელისუფლება და მოვა მოლაპარაკებებზე, ჩვენი უნდა მზად გვქონდეს ჩვენი ხედვები, რომლებიც ქვეყანას კრიზისიდან გამოგვიყვანს… მეტ-ნაკლებად, ჩვენი მოსაზრებების ძირითადი ჩარჩო, რა თქმა უნდა, მზად არის. განსხვავებებია მცირე საკითხებში… თუმცა ასევე არის ის, რომ მოლოდინი არავის არ გვაქვს, რომ რეალურად ამ კეთილგონიერებას გამოიჩენს ხელისუფლება“.
ბადრი ჯაფარიძემ, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა განაცხადა: „ჩვენ გვქონდა ძალიან სასარგებლო და კარგი საუბარი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რა პირობებში იმისათვის, რომ გამოირიცხოს ის უმსგავსობები, რაც ჩვენ ვიხილეთ 26 ოქტომბერს. ამავდროულად, ვმსჯელობთ პრეზიდენტთან ერთად იმაზე, თუ როგორ უნდა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები, რომ იყოს უზრუნველყოფილი ახალი არჩევნები. პრეზიდენტმა განაცხადა მზაობა დიალოგისთვის ბიძინა ივანიშვილთან, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ“.
გიორგი ვაშაძე, კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა: „ვისაუბრეთ – 29 დეკემბრის შემდეგ, რა ორგანიზაციული მექანიზმი უნდა იყოს, რომელიც საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად წარმართავს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესს საქართველოში. საქართველოში პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რისთვისაც დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ პროტესტში იღებს მონაწილეობას. სიახლეებზე, რომლებიც ჩვენთვისაც სიახლე იყო, ხვალ 19:00 საათზე გვექნება საუბარი. ორგანიზაციულ მექანიზმებზე ხვალ სალომე ზურაბიშვილი ისაუბრებს – თუ რა მექანიზმი წარმართვას პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესს“.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 23 დეკემბერს ახალი არჩევნების მოსამზადებლად სპეციალური საბჭოს შექმნა დაანონსა. პრეზიდენტის მანდატი 29 დეკემბერს იწურება, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი.
ასევე წაიკითხეთ: