საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სექტემბერში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ანტი-ლგბტ კანონს ხელი არ მოაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო კანონს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოაწერს და დოკუმენტი გამოქვეყნების შემდეგ ძალაში შევა.
პრეზიდენტმა ასევე არ გამოიყენა ვეტოს უფლება, რაც კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით კვლავ პარლამენტს დაუბრუნებდა განსახილველად და კანონის საბოლოო მიღება რამდენიმე კვირით გადაიდებოდა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ საჯარო კომენტარი პრეზიდენტს ჯერ არ გაუკეთებია.
ანტი-ლგბტ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ 17 სექტემბერს მიიღო, შედგება ძირითადი კანონპროექტისაგან „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 თანდართული ცვლილებისგან საქართველოს სხვადასხვა კანონში. კანონმდებლობით დაუშვებელი იქნება ქორწინების „ალტერნატიული“ კავშირის დარეგისტრირება, ხოლო იმ პირებს, რომლებიც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან, მარტოხელა ადამიანებს, თუ ეს ადამიანი არ არის ჰეტეროსექსუალი, ბავშვის აყვანის უფლება არ ექნებათ. ამასთან, აიკრძალება დოკუმენტებში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება, ასევე სქესის შეცვლის მიზნით ოპერაციის ჩატარება ან სხვა სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება. დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში „ლგბტ პროპაგანდის“ წარმოება, ასევე საჯარო შეკრება, ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
ასევე წაიკითხეთ: