პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმს დაესწრო და პოლონელ კოლეგას შეხვდა

Civil Georgia 2 კვირის წინ 23
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმს დაესწრო და პოლონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1 ოქტომბერს ვარშავას ეწვია, სადაც ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა და ევროპელ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის პოლონელ კოლეგასთან ანჯეი დუდასთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი შეხვდა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ოლექსანდრ ბალანუცას, თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო მინისტრს  (ლორდთა პალატის წარმომადგენელი მინისტრი) ლორდ ვერნონ კოაკერს, პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს და აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის საკითხების უფროს დირექტორს მაიკლ კარპენტერს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა ჟუროვას. შეხვედრებისას განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და ქართველი ხალხის მისწრაფება ქვეყნის ევროპული მომავლისათვის.

ვარშავის უსაფრთხოების ფორუმი 2024 – საპანელო დისკუსია

საქართველოს პრეზიდენტმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პანელზე ,,Key Lessons for European Security“ ისაუბრა. საერთაშორისო ჟურნალისტმა ჰედლი გემბლმა მას სთხოვა მოსაზრებები გამოეთქვა საქართველოში მომავალ არჩევნებზე, ასევე უკრაინის ომსა და მის როლზე საქართველოს მომავალი უსაფრთხოების ფორმირებაში.

კითხვაზე, სჯერა თუ არა პრეზიდენტს, რომ არჩევნების დროს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებები გაიმარჯვებს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ ქართველები, რომლებიც წლების განმავლობაში „მყარად უჭერდნენ მხარს“ ქვეყნის ევროპულ მომავალს, დაამტკიცებენ, რომ ევროკავშირი იქ არის, სადაც საქართველოს მომავალი გადის და რომ ახლა უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს.

„არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს ჩატარდება, გადამწყვეტი იქნება. ბევრი ძალაა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ მუშაობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია“, – განაცხადა პრეზიდენტმა. „ჩვენს მომავალს ასევე იცავს უკრაინაც, რომელიც იბრძვის როგორც საკუთარი დამოუკიდებლობისა და ევროპის თავისუფლებისთვის, ასევე იბრძვის ჩვენი თავისუფლებისათვის“.

ამავე თემაზე საუბრისას პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები საქართველოში, ისევე როგორც მოლდოვას არჩევნები და უკრაინის ომის შედეგი, განსაზღვრავს არა მხოლოდ ამ ცალკეული ქვეყნების მომავალს, არამედ ასევე სომხეთის ევროპულ მომავალს, მთლიანად ევროპის მომავალს და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა უსაფრთხოება, თანამშრომლობა და შავი ზღვის დაკავშირებადობა.

გარდა ამისა, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ის, რაც ამჟამად საქართველოში არჩევნების თვალსაზრისით სასწორზე დგას, არის მშვიდობა, რადგან სანამ უკრაინა განიცდის რუსეთის სამხედრო აგრესიას, საქართველო „მონეტის მეორე მხარესაა“ და ჰიბრიდულ ომს, პროპაგანდას, ზეწოლას, შიშს განიცდის. „ჩვენთან ეს რუსული კანონი უკვე ამოქმედებულია და ცდილობს ზეწოლა მოახდინოს და შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოება. ესაა ის, რაც არჩევნებზე სასწორზე დევს და კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ არჩევნებით ქართველი ხალხის ნება დაძლევს ამ რეალურ საფრთხეებს. მე არ შემიძლია მათი მინიმუმამდე შემცირება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს და როგორ უნდა განაგრძოს საქართველომ რუსეთთან მოქმედება, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველებმა გამოცდილებიდან იციან, რომ „[რუსეთის წინაშე] თავის დახრას მშვიდობა არ მოაქვს“. თუმცა, მისი თქმით, მმართველი პარტია სწორედ ამის გაკეთებას ცდილობს და ასევე ცდილობს „რუსული modus operandi-ის გამეორებას“ სხვადასხვა მეთოდებითა და კანონებით საზოგადოებაზე ზეწოლის გზით, რადგან იცის, რომ სხვაგვარად მხარდაჭერას ვერ მოიპოვეენ.

მომავალში საქართველოზე რუსეთის სამხედრო თავდასხმის შესაძლებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასეთ ჰიპოთეზას ვერ გამოთქვამს, თუმცა ვარაუდობს, რომ პუტინის რეჟიმის ნდობა არასოდეს შეიძლება.  „…პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი დღეს საქართველოში იყენებს წარმომადგენლობითია – „ქართული ოცნება“ მართლაც რუსული ინტერესების გამტარებელი გახდა. ასე რომ, ეს ნიშნავს, რომ მათი უშუალო სტრატეგია არ არის სამხედრო სტრატეგია. ვფიქრობ, უკრაინა მათთვის საკმარისია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა სამოქმედო გეგმა, თუ პუტინი ნამდვილად გადაწყვეტს საქართველოზე თავდასხმას უახლოეს მომავალში, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „არ არსებობს გეგმა“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველო უკრაინა არაა, საქართველოს სამხედრო ძალა არ აქვს – ეს კიდევ ერთი კრიზისი იქნება თქვენთვის“.

ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა პრეზიდენტ ზურაბიშვილს აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის განცხადებების შესახებ, რომ ის პუტინთან მოლაპარაკებას აწარმოებს უკრაინაში ომის დასრულებაზე. პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „მშვიდობა არავითარ ფასად არ არის… მშვიდობა იქნება მაშინ, როცა რუსეთი გაიგებს, რომ მასაც მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ერის მსგავსად საზღვრები აქვს, რომელსაც პატივი უნდა სცეს. მან უნდა იცოდეს, პირველ რიგში, სადაა მისი საზღვრები, პატივი სცეს საზღვრებს, პატივი სცეს მეზობლებს და საკუთარ საზღვრებს დასჯერდეს. ეს არის ერთადერთი მშვიდობა, რომელიც მდგრადია“.

"There is no peace at any cost. Only when it is just, when people have freedom. Russia has to understand that countries have borders and respect them. That is the only peace." – @Zourabichvili_S – President of Georgia.#WSF2024 #ThinkingEuropeAnew pic.twitter.com/OWdT7yBmfC

— WarsawSecurityForum (@WarsawForum) October 1, 2024

დასასრულს, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის, რაც ახლა საქართველოს ევროპისგან სჭირდება ქვეყანაში არსებული სიძნელეების დასაძლევად არის მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი, რათა ქართველებმა არასოდეს იგრძნონ თავი მარტოდ და დასავლეთისგან იზოლირებულად.

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების ბრიფინგი

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა სალომე ზურაბიშვილმა და ანჯეი დუდამ მედიისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის გრძნობდა პოლონეთის მხარდაჭერას მისი ევროპული მისწრაფებების მიმართ და მადლობა გადაუხადა პოლონეთს საქართველოს „დიდი მეგობრობისთვის“. მან აღნიშნა, რომ ვარშავაში მისი ვიზიტი ევროპისა და საქართველოს ისტორიის ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა, რადგან ორწლინახევრიანი ომი უკრაინაში, პოლონეთის მეზობელ ქვეყანაში, ჯერ კიდევ გრძელდება.

„ევროპამაც და ამერიკამაც კარგად იცის, მაგრამ ჩვენც, ქართველებმაც ვიცით, რომ უკრაინა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, არამედ იბრძვის ყველასთვის – მთლიანად ევროპისთვის და მათ შორის, ჩვენთვის, ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც რუსეთის მეზობლადაა და ვისაც უკვე გამოცდილი აქვს რუსეთის აგრესია“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.  

მისი თქმით, ევროპაში მშვიდობა მხოლოდ რუსეთს შეუძლია დაარღვიოს, რადგან არცერთ ევროპულ ქვეყანას არასოდეს დაუწყია ომი ერთმანეთის წინააღმდეგ. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი „ევროპის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც დღეს ძალიან კარგად გამოჩნდა“.

„როგორც აღვნიშნე, დღეს საქართველოსა და მისი მომავლისთვის გარდამტეხი პერიოდია. საქართველო ისტორიული არჩევნებისთვის ემზადება. 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის. ეს არის პრაქტიკულად რეფერენდუმი და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა, როგორც წარსულში (ყველა იმ მომენტში, როცა გადამწყვეტი არჩევანი იყო გასაკეთებლი) გააკეთებს საკუთარ არჩევანს მშვიდობიანი და ევროპული დამოუკიდებელი მომავლის სასარგებლოდ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.  

მან ასევე გაიმეორა, რომ ამ მნიშვნელოვან მომენტში ქართველებისთვის გადამწყვეტია იგრძნონ ევროპის მორალური მხარდაჭერა და მიიღონ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი, რათა არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარდეს. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველო დაუბრუნდება თავის ევროპულ გზას, განახორციელებს ყველა საჭირო რეფორმას და ევროკავშირის საბჭოს პოლონური თავმჯდომარეობის პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების ეტაპს მიაღწევს.

საქართველოს პრეზიდენტს ასევე დაუსვეს შეკითხვა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ, რაზეც მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის კონსტიტუციაშია ასახული, მაგრამ პროცესი შეჩერებულია ისეთი გადაწყვეტილებით, როგორიცაა რუსული კანონის მიღება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაზე უარის თქმა. მან იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შემდეგ ეს პროცესი განახლდება.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს პოლონეთში ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მათ გამიხილეს კავკასიის რეგიონული საკითხები, უკრაინის ომი და მისი გავლენა პოლონეთისა და საქართველოს უსაფრთხოებაზე, ასევე საქართველოში არსებული ვითარება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიები 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ და კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისადმი. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ხალხის ნება უნდა დაკმაყოფილდეს დემოკრატიული ხელისუფლების მიერ, რომელიც ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა საჭირო რეფორმას განახორციელებს.

პრეზიდენტმა დუდამ აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ ევროპული მხარის მიერ აღიქმება, როგორც პოლიტიკური ძალების მცდელობა შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მათი დემოკრატიული მისწრაფებები. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მალე გაწევრიანდება ევროკავშირში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არჩევნების შედეგზეა დამოკიდებული. დასასრულს, პრეზიდენტმა დუდამ აღიარა პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევა საქართველოს დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფის საქმეში და ვიზიტისთვის მას მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

Prezydent @AndrzejDuda po spotkaniu z Prezydent Gruzji @Zourabichvili_S:

💬 Wspieramy Gruzję w jej drodze do Unii Europejskiej i co do tego nigdy nie mieliśmy wątpliwości. Oczywiście będzie to możliwe wtedy, kiedy sama Gruzja będzie miała takie władze, które rzeczywiście chcą… pic.twitter.com/nVWcJUYTSx

— Kancelaria Prezydenta (@prezydentpl) October 1, 2024

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია