საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამჟამად ბრიუსელში იმყოფება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
პრეზიდენტი ბელგიის დედაქალაქს ევროპული ტურნეს ფარგლებში სტუმრობს, რომლის დროსაც იგი უკვე ეწვია გერმანიას, საფრანგეთსა და პოლონეთს, რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა გამართა და ვარშავის უსაფრთხოების ფორუმშიც მიიღო მონაწილეობა.
26 ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, ბრიუსელში საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციას, დემოკრატიულ რეფორმებს, მოახლოებულ არჩევნებსა და ამ კონტექსტში ევროკავშირის მხარდაჭერას.
„როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ უნდა გააღრმავოს რეფორმები ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად“, – დაწერა შარლ მიშელმა ტვიტერზე, რომელიც მან მას შემდეგ გაავრცელა, რაც ზურაბიშვილს „საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში“ შეხვდა. მისი თქმით, „რეფორმები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ქვაკუთხედია“.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველოს მომავალზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ საქართველოში, ქართველ ხალხს შეუძლია“.
ზურაბიშვილმა თავის მხრივ ტვიტერზე დაწერა: „ჩვენი ერის სახელით მადლობა გადავუხადე საქართველოს მეგობარს, შარლ მიშელს, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენს ევროპულ გზას“. პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ საქართველოსთვის „ამ გადამწყვეტ მომენტში“. მან დასძინა, რომ „მორალური მხარდაჭერა და არჩევნების დამკვირვებლები გააძლიერებენ ქართველ ხალხს მაშინ, როცა ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ევროპული მომავლის მიმართ“.
შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელმაც მოგვიანებით „დიდი პატივისცემა“ გამოხატა ზურაბიშვილის „ერთგულებისადმი საქართველოს ევროპული გზის მიმართ“.
„ჩვენი შეხვედრა მნიშვნელოვან მომენტში იმართება – მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე.
ტვიტერის კიდევ ერთ პოსტში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან კიდევ ერთხელ დაუდასტურა ფონ დერ ლაიენს „ქართველი ხალხის მზადყოფნა დააჩქაროს ჩვენი ევროპული გზა“.
„მე ხაზი გავუსვი ევროპის მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობას, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს, როდესაც 26 ოქტომბერს თავის ევროპულ არჩევანს გააკეთებს“, – დასძინა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილი არაერთხელ სტუმრობდა ევროპის დედაქალაქებს, რათა თავისი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შანსები გადაერჩინა იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული კურსისა და ანტიდასავლური რიტორიკის შედეგად, თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობები გაუარესდა. ვიზიტების შედეგად, ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში დავაც კი მოუწია ხელისუფლებასთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტის ვიზიტები ხელისუფლების მიერ ნებადართული არ ყოფილა.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/10/2024 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმს დაესწრო და პოლონელ კოლეგას შეხვდა
- 30/09/2024 – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბერლინში გერმანელ კოლეგას შეხვდა
- 28/09/2024 – „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ – საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში ფილმის ჩვენება გაიმართა
- 02/10/2024 – პრეზიდენტმა ანტი-ლგბტ კანონს ხელი არ მოაწერა